ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. ამის შესახებ bm.ge წერს.
“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს”,- ნათქვამია განცხადებაში.
რიონის ხეობის მცველებმა გუშინ 329-ე ღამე გაათენეს. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ხეობაში ნამახვანის აშენებას ეწინააღმდეგებოდნენ. მათი მოთხოვენბი იყო შემდეგი:
1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია “ენკა რინიუებლზს” შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.”
3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. გამოვლინდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.