ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ დმანისში მათი პარტიის მხარდამჭერებზე თავდასხმის ბრძანება ხელისუფლებამ განგებ გასცა.
მისივე თქმით, ოცნება ძალადობის ყველაზე ამორალურ ხერხებს მიმართავს.
„უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო, რა ვერაგი და ბოროტი რეჟიმი ჰყავს ჩვენს ქვეყანას, რომელთან ბრძოლაშიც დიდ წილს თავის თავზე იღებს დმანისი და დმანისელები… ხელისუფლებამ განგებ გასცა დარწმუნებული ვარ თბილისიდან ბრძანება, დმანისელებმა რომ ვერ იგრძნონ უსაფრთხოდ თავი, მიდით, შეესიეთ, დაჭერით, დაარტყით, ესროლეთ და ეს ადამიანები შეშინდებიანო. პირიქით მოხდა – არ ტყდება დმანისი ბიძინა ივანიშვილო, არ ტყდება საქართველო! მოძალადეები ხართ, ზონდერები ხართ! ყველაზე შემზარავ, ამორალურ ძალადობის ხერხებს მიმართავთ!“, – განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს.

