შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში 28 წლის მამაკაცი გაიტაცეს, გაკოჭეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს. მომხდარის შედეგად 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, საქმეზე სამი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მკველობის მოტივი სავარაუდოდ, შურიძიება გახდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-მ და ო.გ. -მ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1993 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს ძალადობის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. შემდეგ ბრალდებულებმა გაკოჭილი ჯ.ჩ., ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას შეესწრო მათივე მეგობარი – ს.ა., თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ო.ტ-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით, ხოლო ს.ა.-ს მიერ ჩადენილი ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.