ახალი ამბები პოლიტიკა

ზურაბიშვილი: ყველა ემიგრანტი ჩვენი ქვეყნის პოტენციური ელჩია, თუ გვეცოდინება, როგორ გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ კავშირი, რომელიც უკვე არსებობს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა , ორბელიანების სასახლეში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიასპორისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა და სიტყვით მიმართა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ჩვენ უკვე გავხდით ემიგრაციის ქვეყანა. პრეზიდენტის განმარტებით,  უცხოეთში მყოფი ჩვენი ქართველებისთვის, ვინც სამწუხაროდ, სხვადასხვა პირობებში დაკარგა მოქალაქეობა, ახლა არსებობს მოქალაქეობის აღდგენის საშუალება, რაც კიდევ უფრო უნდა გამარტივდეს.

„მინდა, მივესალმო ყველას, ვინც ესწრება ამ შეხვედრას და მათ, ვინც დღეს დისტანციურად გვიერთდება – ჩვენს დიასპორას, ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც აქ არ არიან. დღევანდელ ღონისძიებაში, რომელიც არსებული რეგულაციების გამო მიღებული გადაწყვეტილებით, ძალიან შეზღუდულ ფორმატში იმართება, ისინი მთელი გულითა და სულით მონაწილეობენ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს პროგრამა, ძალიან დასაფასებელი ინიციატივაა. ეს პროგრამა არის ის, რაც გვაერთიანებს, ერთ-ერთი ფორმა, რითაც ვერთიანდებით და მე ვისურვებდი, რომ კიდევ მეტი ინსტრუმენტი გვქონდეს, რომელიც დაახლოებისა და კავშირის საშუალებას მოგვცემს.

არ ვიცი, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ჩვენ უკვე გავხდით ემიგრაციის ქვეყანა, (რაც არ ვიყავით საუკუნეების მანძილზე) და რადგანაც გავხდით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ ავითვისოთ ეს რეალობა, როგორ მივიღოთ ყველა საჭირო გადაწყვეტილება. არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მაინც ვიტყვი – როგორ გამოვიყენოთ ჩვენი დიასპორა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგადად საქართველოსთვის შიგნით და გარეთ. ამისთვის უცხოეთში მყოფი ჩვენი ქართველებისთვის, ვინც სამწუხაროდ, სხვადასხვა პირობებში დაკარგა მოქალაქეობა, ახლა არსებობს მოქალაქეობის აღდგენის საშუალება, რაც კიდევ უფრო უნდა გავამარტივოთ. მე ვთვლი, რომ ჯერ კიდევ რაღაც ფორმის ჭიდილში ვართ. მივმართავ პარლამენტის წარმომადგენელს, რადგან ეს ნაწილობრივ მაინც კანონმდებლობის საკითხია, ჩვენ კიდევ უფრო გავამარტივოთ და გავაადვილოთ ეს პროცედურა.

უცხოეთში მყოფი ჩვენი ემიგრანტები ჩვენი ერთი, ძალიან ძლიერი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მინდა ვთქვა, რომ ეს წელი ასევე გამორჩეულია – 100 წელი გავიდა საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ე.ი. 100 წელი გავიდა ჩვენი პირველი, ისტორიული, პოლიტიკური ემიგრაციის წასვლის შემდეგ და ზოგმა ქვეყანამ კი ოკუპაციის შემდგომ თვეებში აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.

ასე რომ, ერთგვარად გვაქვს – ერთი, პოლიტიკური ემიგრაციის დაარსების 100 წელი და ჩვენი აღიარების 100 წელი, რომელიც საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ავსტრიაში, რუმინეთსა და ლუქსემბურგში მიმდინარე წელს ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....