ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, სადაც ხუთი ადამიანის სიკვდილით დასჯაა ასახული, ხუთი წლის მოზარდიც ფიგურირებს. 5 წლის ბავშვი ბრიტანული აქცენტით ISIS-ის ვიდეოში ემუქრება დიდ ბიტანეთს. ბავშვი საკუთარმა ბაბუამ უკვე ამოიცნო და მან ჟურნალისტებთან ოჯახის შესახებ ისაუბრა.
როგორც ბრიტანული გამოცემა Daily mail წერს, ბავშვის ბაბუა 59 წლის ჰენრი დეირი ყვება, რომ მცირეწლოვანის სახელი და გვარი ისა დეირია, რომელიც სირიაში დედამ გრეის „ხადიჯა“ დეირიმ წაიყვანა. ბავშვის დედა 24 წლის გრეის დეირი სამხრეთ-დასავლეთ ლონდონში გაიზარდა და კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა, თუმცა, ბოლო წლებში ინტერნეტით ექსტრემისტების გავლენის ქვეშ მოექცა და რადიკალური ისლამის მიდევარი გახდა.
ტელეკომპანია Channel 4-თან ინტერვიუში ბაბუა იხსენებს, რომ დედამ ბავშვი სამი წლის წინ სირიაში წაიყვანა. მანამდე სოციალურ ქსელებში იგი წერდა, რომ სურდა, პირველი ბრიტანელი ქალი ყოფილიყო, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მძევალს მოკლავდა.
მცირეწლოვანი ბავშვის ბაბუა ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვი სირიაში წაიყვანეს მას შვილიშვილთან კონტაქტი აღარ აქვს და ექსტრემისტები ისა დეირს პროპაგანდისთვის იყენებენ.
შეგახსენებთ, ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ მორიგი ვიდეომალასა გაავრცელა, სადაც ჯიჰადისტების მიერ ხუთი ადამიანის სიკვდილით დასჯაა ასახული. კადრებში შეიარაღებული, ნიღბიანი ტერორისტები მათ წინაშე დაჩოქებულ პირებს დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დავიდ კემერონს ემუქრებიან. ბრიტანული მედიის თანახმად, ვიდეომასალა 10-წუთიანია და ჩანაწერში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი წევრი მოზარდიც ფიგურირებს, რომელიც ბრიტანული აქცენტით საუბრობს. ვიდეოს დასასრულს ტერორისტები მძევლებს ცეცხლსასროლი იარაღით ხოცავენ.