სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში კოვიდსაბუთის წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ.
როგორც ომბუდსმენის აპატარის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კოვიდ საბუთის გარეშე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი არ დაიშვება არც სამსახურში და არც სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ოფისს გარეთ (გარდა დისტანციურად მუშაობისა); ხოლო, გამოუცხადებლობა ანდა სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა ჩაითვლება არასაპატიოდ.
“გამონაკლისის სახით უნდა აღინიშნოს, რომ იმ თანამშრომლებმა, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვაქცინაზე სამედიცინო უკუჩვენება ან დროებითი უკუჩვენება აქვთ (მათ შორის, კოვიდ 19-ით ავადობის შემდგომი პერიოდი), უნდა წარადგინონ ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც პირდაპირ იქნება მითითება ვაქცინაციის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ. ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატი, თანამშრომლის მიერ დაკავებული პოზიციის სპეციფიკიდან და სამსახურის საჭიროებებიდან გამომდინარე, იმსჯელებს მისთვის განსხვავებული სამუშაო რეჟიმის დადგენის შესახებ, ანდა დროებითი უკუჩვენების პერიოდში, აპარატის ხარჯით PCR ტესტის ჩატარების თაობაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, 27 აგვისტოს მდგომარეობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა 80% ვაქცინირებულია.

