ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რელიგიურ ნიადაგზე 23 წლის ახალგაზრდა მოკლეს

23 წლის ფიქირათ ახმედოვი დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით, თავდასხმიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. ახალგაზრდა სოფელ ფონიჭალაში დღეს დაკრძალეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ახმედოვი თანასოფლელმა მოკლა. პოლიცია რამინ ისაევს ეძებს, რომელმაც, კურიერის ინფორმაციით, საქართველოს საზღვარი ინციდენტის დღეს ე.წ. წითელი ხიდიდან გადაკვეთა.
ტელეკომპანიის ცნობით, ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მისივე თანასოფლელმა რელიგიურ ნიადაგზე მოკლა. მკვლელობას წინ ე.წ. ვაჰაბიტ მუსლიმებისა და სოფლის რელიგიურ უმრავლესობას – ტრადიციული ისლამის მიმდევრებს, შორის დაპირისპირება უძღოდა.
23 წლის ფიქირათ ახმედოვს, ადგილობრივების ცნობით, რადიკალური ისლამის მიმდევრებმა პასუხი იმ ინფორმაციის გამო მოსთხოვეს, რომელიც მედიასაშუალებით გაშუქდა, სადაც ახმედოვი ამბობდა, რომ სოფელში ე.წ. ვაჰაბიტები ერთერთი სახლის სარდაფში იკრიბებოდნენ.
მოკლულის ახლობლების ცნობით, ფიქირათ ახმედოვი ამ ინფორმაციის გაჟღერებისთვის მოკლეს.
სოფელში ამბობენ, რომ რადიკალური ისლამის მიმდევრების სამლოცველოს დახურვისა და გაუქმების მოთხოვნით ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას არაერთხელ მიმართეს. რამდენჯერმე შეაგროვეს ხელწერილებიც, რომელიც ამ დრომდე უპასუხოა.

იტვირთბა....