„თალიბანმა“ შეძლო და ქვეყნის უდიდესი ნაწილი საკუთარ კონტროლს სულ რამდენიმე კვირაში დაუქვემდებარა. ისინი შევიდნენ ქაბულშიც და სრული ძალაუფლება იგდეს ხელთ ზუსტად ისე, როგორც ეს 1996/2001-წლებში ჰქონდათ. ქვემოთ თქვენ „თალიბანის“ ყველაზე გავლენიან ლიდერებს გაეცნობით.
მულა ჰაიბატულა ახუნზადა.
თალიბანის უმაღლესი ლიდერი ახუნზადა 2016 წელს ჩაუდგა „თალიბანს“ სათავეში მას მერე, რაც წინამორბედი ახტარ მუჰამად მანსური ამერიკულმა უპილოტომ პაკისტანში გაანადგურა. იქამდე ახუნზადაზე ბევრი არაფერი იყო ცნობილი გარდა იმისა, რომ უფრო მეტად სასამართლო და რელიგიური თემებით იყო გატაცებული, ვიდრე სამხედრო საქმით.
ამ ადამიანს უზარმაზარი გავლენა გააჩნია ორგანიზაციაში. ამას გარდა ახუნზადა გახლავთ შარიათის სასამართლოების მთავარი მოსამართლე. ანალიტიკოსები მაინც ვარაუდობენ, რომ ორგანიზაციაში მისი ლიდერული სტატუსი უფრო მეტად სიმბოლურია.
ახუნზადას მამა ყანდაჰარის პროვინციის სამხრეთში ერთ-ერთი ადგილობრივი მეჩეთის იმამი (მუსლიმების წინამძღოლი, მოძღვარი) იყო. მულა ჰაიბატულა პაშტუნების ტომს ეკუთვნის.
„თალიბანის“ ლიდერად გამოცხადების შემდეგ ახუნზადას ორი უმთავრესი ამოცანა ჰქონდა – არ დაეშვა „თალიბანის“ დაშლა შეიხ მანსურის სიკვდილის შემდეგ და საჯაროდ ეთქვა სიმართლე ორგანიზაციის დამაარსებლის მულა მუჰამად ომარის დაღუპვაზე, რასაც თალიბები ორი წელიწადი მალავდნენ. ახუნზადა არასაჯარო ფიგურაა. ის მუსლიმურ დღესასწაულებზე ხანმოკლე გამოსვლებით შემოიფარგლება.
მულა აბდულ ღანი ბარადარი.
თალიბანის ერთ-ერთი დამაარსებელი აბდულ ღანი ბარადარი ავღანეთის სამხრეთში ურუზგანის პროვინციაში დაიბადა, თუმცა ყანდაჰარში გაიზარდა. ის, მულა ომართან ერთად, თალიბანის ერთ-ერთი დამაარსებელია. მოგეხსენებათ, უკანასკნელი 2013 წელს გარდაიცვალა, თუმცა ეს ამბავი მხოლოდ 2015-ში გახდა ცნობილი.
ბარადარის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა 1979 წელს ავღანეთში სსრკ-ის ინტერვენციამ. ის მოჯაჰედი გახდა და, ითვლება, რომ სწორედ მულა ომართან ერთად იბრძოდა.
2001 წელს, ავღანეთში ამერიკის ჯარების შესვლისა და „თალიბანის“ რეჟიმის დაცემის შემდეგ, როგორც ამბობენ, ბარადარი ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან ლიდერებს შორის, რომლებიც მზად იყვნენ ქაბულის ახალი მთავრობა ეცნოთ, თუმცა საბოლოოდ ორგანიზაციამ ეს წინადადება უარყო.
მულა ბარადარი „თალიბანის“ სამხედრო ფრთის ერთ-ერთი ლიდერია. 2010 წელს ის პაკისტანში დააპატიმრეს, თუმცა 2018-ში, უცნაურია, მაგრამ ვაშინგტონის მოთხოვნით გაათავისუფლეს.
ბარადარი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს „თალიბანის“ ლიდერებში, ასე რომ, სწორედ ის დანიშნეს ორგანიზაციის პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელად დოჰაში. სწორედ ბარადარი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ამერიკელებთან, რამაც მოიტანა ის, რომ კოალიციურმა ჯარებმა ავღანეთი დატოვეს. ბარადარი ხელმძღვანელობდა ასევე მოლაპარაკებებს ავღანეთის მთავრობასთან.
სირაჯუდინ ჰაკანი.
ჰაკანის ქსელის თავკაცი სირაჯუდინ ჰაკანი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლის ცნობილი საველე მეთაურის ჯიჰად ჯალალუდინ ჰაკანის შვილია. ის „თალიბანის“ ლიდერის მოადგილე და „ჰაკანის ქსელის“ („თალიბანის“ ყველაზე რადიკალური ფრთა) ხელმძღვანელია.
ვაშინგტონის შეფასებით, „ჰაკანის ქსელი“ ტერორისტულ დაჯგუფებას წარმოადგენს, ამასთან ის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ძალა იყო, რომელიც უკანასკნელი ორი ათწლეული ებრძოდა კოალიციურ ძალებს ავღანეთში.
„ჰაკანის ქსელი“ ცნობილია იმით, რომ თვითმკვლელ ტერორისტებს ყველაზე ხშირად იყენებს მიზნების მისაღწევად. ორგანიზაციის ანგარიშზეა ბოლო წლებში ქვეყანაში განხორციელებული ყველაზე სისხლიანი თავდასხმები.
ქსელი მონაწილეობდა უამრავი ავღანელი მაღალჩინოსნის მკვლელობაში. ჰაკანელებს ტყვედ აჰყავდათ დასავლური ქვეყნების მოქალაქეები და შემდგომ მათ გამოსასყიდის გადახდის ანდა კოალიციის მიერ კონტროლირებადი ციხეებიდან ტერორისტების გათავისუფლების შემდგომ ათავისუფლებდა. სწორედ ამ ორგანიზაციას ჰყავდა ტყვედ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ბოუ ბერგდალი, ვინც შემდეგ გუანტანამოს ხუთ პატიმარ თალიბზე გადაიცვალა.
სირაჯუდინ ჰაკანი
სახელგანთქმულია თავისი ქედმოუხრელობით, მაღალი საბრძოლო სულისკვეთებით და მომგებიანი გარიგებების დადების უნარით. ქსელი ძირითადად ავღანეთის აღმოსავლეთით მთიან პროვინციებში აქტიურობს და საკმაო გავლენა გააჩნია „თალიბანის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
მულა იაკუბ მუჰამად ომარი
მულა იაკუბი „თალიბანის“ დამაარსებლის მუჰამად ომარის შვილია და სამხედრო სექციის ხელმძღვანელად 2020 წელს დასახელდა. სწორედ უკანასკნელი განსაზღვრავს ბრძოლების სტრატეგიულ მიმართულებებს. მამის ავტორიტეტის წყალობით, მულა იაკუბიც ძლიერი და ერთგვარი გამაერთიანებელი ფიგურაა „თალიბანში“ შეკრებილ ჭრელ საზოგადოებაში. მიუხედავად ხსენებულისა, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „თალიბანის“ სამხედრო სექციის ხელმძღვანელად მულა იაკუბის დასახელება ფორმალობა იყო.
“ალ ჯაზირას” მიხედვით მოამზადა ლევან ბიბილაშვილმა.