ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ინაშვილი: ქვეყნის ღალატი ქართული მიწების ჩაბარებაა, რაც წინა რეჟიმმა 2008 წლის აგვისტოში გააკეთა

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ღია მიმართვას ავრცელებს, რითაც ბოლო დღეებში მის მიმართ გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება.

“ქვეყნის ღალატი ქართული მიწების ჩაბარებაა, რაც წინა რეჟიმმა 2008 წლის აგვისტოში გააკეთა! კოდორი და ახალგორი უომრად დათმეს! ქვეყნის ღალატია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერა, სადაც ნაცმოძრაობამ აღიარა, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო!

ქვეყნის ღალატია, როცა ხელისუფლება ხარ, ზუსტად იცი, რომ არავითარი ნატო არ გაგაწევრიანებს და მაინც განაგრძობ შენი ხალხის მოტყუებას, თითქოს ოდესმე იქ შეხვალ! ამასობაში, საკუთარ ქვეყანას უმძიმესი საფრთხეების ქვეშ აყენებ და ვითომ არ გესმის, რა საფრთხეებია, ვითომ არ ხედავ, ვითომ არ იმჩნევ. იმიტომაც დაიწერა ჩვენი ღია წერილი, რომ ეს უმძიმესი საფრთხე როგორმე ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას. რატომ არ შუქდება საქართველოში, რა განცხადებები კეთდება რუსეთში, რას ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამხრეთის ოლქის ჯარების სარდალი, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი? პირდაპირ გვეუბნებიან, რომ მათი სახელმწიფოს უსაფრთხოების დასაცავად, სამხედრო-ტექნიკურ ზომებს გამოიყენებენ! მერე რა, ამას ადრეც ხომ ამბობდნენო?! ადრე რომ ამბობდნენ, ის ტონი და დღეს რომ ამბობენ, ეს სიბრაზე თუ ვერ გაგირჩევია, პოლიტიკაში რა გინდა?!

ქვეყნის ღალატია, რასაც აკეთებს “ქართული ოცნება”. 2020 წლის არჩევნები გააყალბა ლგბტ პარტიების შესატანად პარლამენტში! პირდაპირ ვამბობ: ამ ქვეყანაში არანაირი არჩევნები არ ტარდება. ამერიკელებთან ერთად იწერება, ვის რა პროცენტი უნდა მიანიჭონ. ბოლოს და ბოლოს გაიგეთ ეს, დაიჯერეთ ეს და დაინახეთ ეს. კომენტარის ღირსად არ ვთვლი იმ ორიოდ, ვითომ პოლიტიკოს მანდილოსანს, რომლებსაც -1 მხარდაჭერა აქვთ და ჩემს რეიტინგზე “დარდობენ”. “ქართული ოცნების” დეპუტატს, ვინმე სარჯველაძეს კი, რომელმაც ენა ამოიდგა და სამშობლოს ღალატში დამადანაშაულა, ვპასუხობ: ვინა ხარ საერთოდ, საიდან მოხვედი? რა გაგიკეთებია შენი სამშობლოსთვის? ან აფხაზეთის ომის დროს სად იყავი, ან სამაჩაბლოს ომის დროს, ან სააკაშვილის რეჟიმს რომ ვებრძოდით, რომელ საადვოკატო კანტორაში იმალებოდი, დღეს რომ გამომზეურდი?! …. “, – წერს ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პატრიოტთა ალიანსმა რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა, სადაც პარტიის წევრები ვლადიმერ პუტინს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულ ფაქტს მმართველ გუნდი კრიტიკულად გამოეხმაურა. კერძოდ, ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ინაშვილი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა.

იტვირთბა....