“სასამართლო სისტემა არის რეფორმებისადმი რეზისტენტული და მათ რეფორმები არ სურთ”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.
წულუკიანის თქმით, სასამართლო სისტემამ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი სახე გამოავლინა. “სასამართლომ, რომელიც 3 წელია უპირისპირდება იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო რეფორმებს, ღიად გამოაჩინა თავისი სახე, უკვე ყოველგვარი მოჩვენებითობის გარეშე. სახე, რომელიც არაა ლამაზი. გამოაჩინა ის, რომ მათ არც არასდროს სურდათ რეფორმები, რომლებიც მაინც გავატარეთ და არც ის რეფორმები სურთ, რომელიც პარლამენტში მაქვს უკვე შეტანილი. დღემდე, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი და სხვები, არ ამზადებენ ელექტრონულად სისტემას, მაგრამ ჩვენ მაინც ვივლით წინ. რეფორმები, ძველი დროის მოსამართლეებს რაც არ უნდა სურდეთ და არ იყენებდნენ პრაქტიკაში, მაინც გაგრძელდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.