“ასეთ დანაშაულზე არ მინახავს პატიმრობიდან ვინმე გაეთავისუფლებინათ”
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ლაშა კვირკვაიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
“მეტრონომი” ადვოკატ გიორგი მდინარაძეს ესაუბრა. “რა თქმა უნდა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, არ ველოდი, რომ დანაშაულში ბრალდებულ პირს გაუშვებდნენ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთ დანაშაულზე არ მინახავს პატიმრობიდან ვინმე გაეთავისუფლებინათ. მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მათ შორის ზეწოლა, მტკიცებულბების განადგურება. მართალია, გამოძიება დასრულებულია, თუმცა სასამართლოში ამ საქმის განხილვა გრძელდება და მოწმეებზე ზეწოლა სავსებით შესაძლებელია. ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა. ეს იმას არ ნიშნავს,რომ ის საბოლოოდ არ გამტყუნდება. უბრალოდ სასამართლო სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კვირკვაია გარეთ იქნება“.-აცხადებს მდინარაძე.
შეგახსენებთ, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ადვოკატი გიორგი მდინარაძე სცემეს. ეს საქმე საკმაოდ რეზონანსული გამოდგა მდინარაძეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიც შეხვდა და პირადად დაჰპირდა დამნაშავე პირები მკაცრად დაისჯებიანო.