ახალი ამბები ბლოგები კულტურა მთავარი

ლიუინ დევისი

 

ლიუინ დევისის, ისევე როგორც ლარი გოპნიკის, ჯერი ლანდეგარდისა და ოზბორნ კოქსის შიგნით, ქაოსია. ოღონდ ამჯერად ხსნად არა ,,მკვდარი კატის თეორია’’, 750 000 $ ან მოპარული მემუარების ძებნა, არამედ – მუსიკა გვევლინება, კონკრეტულად კი, ძველი, თბილი, მელანქოლიური ფოლკი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთგვარ მინი-ბუმად რომ იქცა ამერიკაში, თუმცა მოგვიანებით “პრიჩოსკიანი ბუნტავშიკითა” და spider Murphy played the tenor saxophone, little Joe was blowin’  on the slide trombone-ით ჩანაცვლდა.

ჩვენ გვიყვარს ფოლკი.

ლიუინ დევისის შიგნით ქაოსია. და ეს ქაოსი ადვილად ვრცელდება შენშიც. მონიტორით  გადამდები, ებრაული წარმომავლობის შიზოიდების მიერ გავრცელებული პანდემია.

ფილმი ფოლკ-მუსიკოს ლიუინ დევისის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც თავის დროზე პარტნიორთან ერთად სიმღერა ჩაწერა, მალევე რომ იქნა ატაცებული და ჰიტადაც კი იქცა. შემდეგ პარტნიორი ,,ვაშინგტონ ბრიჯიდან’’ გადახტა, თავი მოიკლა და ლიუინიც დეპრესიული, უხეში გახდა (ოღონდ ეგ კია, ვერ გაიგებ პარტნიორის უეცარი სუიციდის გამო თუ წარუმატებელი სოლო კარიერის). მერე ალბომი ჩაწერა, სახელად ,,ლიუინ დევისის შიგნით’’ და მოხუცი აგენტის, მელის მეშვეობით (რომელმაც ფირფიტა ერთ-ერთ პროდიუსერს გაუგზავნა ჩიკაგოში) თითქოს-და გზასაც იკვალავს კარიერული წინსვლისკენ.

ლიუინ დევისის შიგნით ქაოსია და ქაოსი ვრცელდება მის გვერდით მყოფებზედაც.

პირველად, არ დავმალავ, მართლაც რომ აღფრთოვანებულმა ვუყურე მთლიან ფილმს. არ ვიცოდი რომელი სცენა მომეწონა ყველაზე მეტად. თითქოს ეს, მაგრამ ეს არ სჯობს? თუმცა არა, ეს ყველაზე მაგარია, ამის დაწუნება ხომ არადა არ გამოვა. ვგრძნობდი როგორ დაქროდნენ ტვინში აქეთ-იქით განრისხებული, გაგულისებული ნეირონები. ნერვული სისტემა ამიჯანყდა. ფლუორესცენტული გავხდი. ვანათებდი და ვანათებდი. შემდეგ მეორედ, მესამედ, მეოთხედ ვუყურე და თანდათან დავლაგდი. ფავორიტი სცენებიც გამოიკვეთა. მაგალითად: ლიუინის, ალ კოდისა და ჯიმის მიერ შესრულებული ,,Please Mr. Kennedy’’. კოსმოსში პირველ გაფრენას მიძღვნილი მიკი ვუდსის ცნობილი სიმღერის კოენებისეული ქავერი, ჯასტინ თიმბერლეიქისა და ოსკარ ისააკის სტილს მორგებული ხმებითა და ფასდაუდებლად ავთენტური არტისტიზმით, ალ კოდის მიმიკებითა და ჩართვებით, ამ სცენას მსოფლიო კინოს ისტორიაში უპრობლემოდ შეიყვანს.

ძალიან თავშესაქცევი და საინტერესოა ლიუინის მცირე როუდ-თრიფი როლანდ ტერნერსა (ჯონ გუდმანის შესრულებით) და ჯონი ფაივთან (გარეტ ჰედლანდის შესრულებით) ერთად, რომელიც, ბარემ აქვე ვთქვათ, რაღაცით გრიმსრუდსაც ჩამოჰგავს ,,ფარგოდან’’. არ შეიძლება ხაზგაუსმელი დავტოვოთ ჯონ გუდმანის ვარცხნილობა, რომელიც უდავოდ ფილმის კიდევ ერთი პლიუსია.

თუნდაც იმიტომ ღირს ამ გადარეული ძმების შეყვარება, რომ მათ ფილმებში თქვენ ვერ ნახავთ ძუძუებდაბერილ, უკანალში სტრინგ-გაჩხერილ ავხორც დიაცებსა და კუნთმაგარ, მოკლეთმიან და უნიჭო მამაკაცებს. კოენების არცერთ ფილმში, მეორეხარისხოვან როლებში, ისეთებში, როგორიცაა მდივანი, გამყიდველი მაღაზიაში, ექიმი, ფსიქოლოგი – თქვენ ვერ იხილავთ ზემოთნახსენებ ტიპაჟებს. მათ მაგივრად დაბალი, დამჭკნარი, უემოციო, ,,სლიპინა’’, მოკუტული მოხუცები გვევლინებიან, ძლივს რომ მოძრაობენ და ლაკონურად მეტყველებენ. ეს კი, გაცილებით ავთენტურია, ვიდრე ნახევარი ჰოლივუდი.

ფილმში ყველაფერი დახვეწილია – სცენარი, მსახიობები, რეჟისურა, საუნდტრეკები. დეტალები კარგადაა დამუშავებული, ფერები – იდეალურად გადანაწილებული. კოსტიუმები, გრიმი – უმაღლესი ხარისხის. პერსონაჟების ხასიათები – დამაკმაყოფილებლად წარმოჩენილი.

,,Hang me oh hang me’’ თავის დროზე რინგტონად დავაყენე, პოსტერი – უოლფეიფრად დესკტოპზე.

ასე რომ, კოენების ბოლო ფილმებიდან ჩემთვის ყველაზე მაგარი და გამორჩეული სწორედ ლიუინ დევისია, ქაოტური გარემოთი და ძველი, მივიწყებული ფოლკით.

ორევუარ.

იტვირთბა....