ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სირცხვილია: ღარიბაშვილო, მკვლელო, ჰომოფობო, შენი ადგილი რუსეთშია

სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ღარიბაშვილი, საპატრიარქოსთან კოორდინირებით, არის 5 ივლისს ძალადობის პირველი და ყველაზე დიდი გავლენის მქონე წამხალისებელი.

სირცხვილიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ვეხმაურებით მკვლელი ირაკლი ღარიბაშვილის სამარცხვინო ბრიფინგს. სამწუხაროა, რომ ქვეყნის პირველი პირი, ქვეყანაში დატრიალებული მრავალდღიანი ტრაგედიის შემდეგ, ისევ იცლის, რომ ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მთავარ ხელშემწყობებს – მედიასა და სამოქალაქო აქტივისტებს დაემუქროს.

ჩვენ გვყავს ე.წ. “ქურდული” მენტალიტეტის მქონე, მკვლელი, ჰომოფობი და უღირსი პრემიერმინისტრი. ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მითითებების ძალადობრივად შემსრულებელი, რომელიც ძალაუფლების ტკბობაში ისეთ ფსკერზე დაეშვა, რომ მისი ყველა სიტყვა უკიდურესად სამარცხვინო და დანაშაულის შემცველია.

ირაკლი ღარიბაშვილი, საპატრიარქოსთან კოორდინირებით, არის 5 ივლისს ძალადობის პირველი და ყველაზე დიდი გავლენის მქონე წამხალისებელი. ის არის პასუხისმგებელი ყველა დაღვრილ სისხლზე, ლექსო ლაშქარავას მკვლელობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი მისნაირივე ბინძური მეთოდებით ებრძვის ამ ქვეყნის დემოკრატიულ და დასავლურ კურსს, ის არც კი ცდილობს, დამალოს თავისი ძალადობრივი მიდრეკილებები და სჯერა, რომ მის ერთ სიტყვას ამ ქვეყანაში ყველა დაემორჩილება.

ირაკლი ღარიბაშვილო, მკვლელო, ჰომოფობო, შენი ადგილი რუსეთშია. ამ ქვეყანაში შენ არც აწმყო გექნება და არც მომავალი.

თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის მე-10 წელია და ისევ არ გრცხვენიათ, სხვა ძალებს დააბრალოთ ის, რასაც თავად აშავებთ. თქვენი პასუხისმგებლობაა ამ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა.

თავად განაცხადე 5 ივლისს, დაძაბულობა იქნებაო და როდიდან აღკვეთთ დაძაბულობას 1 საპატრულო ეკიპაჟითა და შეუიარაღებელი პოლიციელებით? თქვენს პოლიციელებს თვალებში წიწაკის სპრეის ასხამდნენ მოძალადეები და თქვენი საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს, ფეხებში უფეთქებდნენ ასაფეთქებლებს, არმატურის ნაგლეჯებსა და ლოდებს ისროდნენ და თქვენ ისევ გიბრუნდებათ ენა, რომ ყველაფერი მედიასა და სამოქალაქო აქტივისტებს გადააბრალოთ.

ირაკლი ღარიბაშვილო, მორჩი სხვების კუნთებზე ყურებას, რადგან შენ მხოლოდ არასრულწლოვან ბავშვებთან გაქვს დიდი გული, ისიც მაშინ, როდესაც შენი მფლობელის შვილი მოგიწოდებს.

სათამაშო ხარ, მარიონეტი, სამარცხვინო და სულელიც. შენ გადადგები საკუთარი ნებით, ან ამ ქვეყნის თავისუფლებისა და ადამიანების მოყვარე ხალხი გადაგაგდებთ”, – აღნიშნულია სირცხვილიას წერილში.

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი tv პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა  11 ივლისს გარდაცვლილი დედამ იპოვა.

იმავე დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა და მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და მთავრობას გადადგომისთვის 12 ივლისის 12:00 საათამდე მისცეს დრო.

დღეს, 12 ივლისს პრემიერმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და თუ აქცია კანონის ფარგლებს გასცდება, ყველა უმკაცრესად დაისჯება.

იტვირთბა....