ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: რეკომენდაციებს აღარ ვიცავთ, ეპიდსიტუაცია უარესდება, იმართება თავყრილობები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციების აღსრულების მკაცრი მონიტორინგის წინადადებით მიმართავს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში მოსახლეობა თითქმის არც ერთ რეკომენდაციას აღარ იცავს.

„სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია უარესდება. უკვე ჩვენ თითქმის არც ერთ რეკომენდაციას აღარ ვიცავთ და ეს ძალიან ცუდია. იმართება უზარმაზარი თავყრილობები. ახლაც ჩამიყარეს სხვადასხვა ტიპის თავყრილობის ბევრი სურათი, იქნება ეს სამხიარულო თუ ჭირის სუფრები, თუ დიდი მუსიკალური დღესასწაულები, სადაც სამწუხაროდ, არც პირბადის ტარება, არც დისტანცია არ არის დაცული. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ ინფიცირების შემთხვევები გაიზარდოს ქვეყანაში და მისი შეკავება უკვე რთული გახდეს, თუ რაღაც სხვა ღონისძიებები არ იქნა გატარებული.

სწორედ ახლა სხდომა იყო მინისტრთან ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით და ალბათ ორშაბათ-სამშაბათს გაანალიზდება ბოლო ორი კვირის ეპიდსიტუაცია და საკოორდინაციო საბჭოზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წარდგენა სხვადასხვა წინადადებით. პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ რეგულაციების აღსრულებაზე, რაც არსებობს – დახურულ სივრცეში უნდა ვატაროთ პირბადე, ღია სივრცეში, როცა ბევრი ადამიანი იკრიბება, ასევე აუცილებელია პირბადის ტარება, დავიცვათ დისტანცია, დავიცვათ სანიტარული წესები და რაც მთავარია, ახლა ვაქცინების საკმაო რაოდენობაა ქვეყანაში და აქტიურად უნდა მივმართოთ ვაქცინაციის პუნქტებს. რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით სწრაფად დამთავრდება ეპიდემია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გამყრელიძემ.

იტვირთბა....