მასობრივი ვაქცინაციის დაწყება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნისთვის რეგისტრაციის პორტალს ვიყენებთ, ასევე არსებობს სხვა ალტერნატიული გზა, 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროცესში ხვალ, ზეგ გახსნის თავის ქოლცენტრს, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ადგილზე დარეკონ და დაჯავშნონ რიგი, რაც საშუალებას მოგვცემს მოქალაქეებისთვის ადვილი იყოს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიას კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
გაბუნიას თქმით, დღეისთვის უკვე მობილიზებულია 300 ბრიგადა.
„თითოეულ ბრიგადას სულ დღეში შეუძლია 60 მოქალაქის აცრა, რაც არის საკმაოდ მაღალი რაოდენობა. სამედიცინო დაწესებულებების მიღმა, მოლებში ასევე მიმდინარეობს მზადება, „ლილო“ და „სითი მოლში“ არის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებული, „ჰუალინგში“ უკვე მოქმედებს ვაქცინაციის პროგრამა. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მოთხოვნაზე და იმაზე, თუ რამდენად დაგვჭირდება დამატებითი სივრცეები“, – განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
“ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ, გუშინ, რეგისტრაციის შესაძლებლობა შეწყდა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს სპეციალური ჯგუფი, გარკვეული ხარვეზები გამოსწორებულია, თუმცა ბოლომდე ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა, ამიტომ მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებს”, – თქვა გაბუნიამ.
მისი განცხადებით, საიტის ამოქმედებაზეა დამოკიდებული დაიწყება თუ არა 5 ივლისს მასობრივი იმუნიზაცია.