ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრეზიდენტის ადგილზე, პოლიტიკურ გუნდს მეტ ანგარიშს გავუწევდი”

ვიცე-პრემიერმა და პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, თავისუფალი დემოკრატეების სხდომაზე დასმულ აქტუალურ კითხვებს უპასუხა. მათ შორის კითხვები შეეხო მომატებულ კრიმინოგენულ ვითარებას, პრეზიდენტთან ურთიერთობას და “რუსთავი 2”-ის საქმეს:

„კრიმინალურ სტატისტიკას რამდენადაც ვიცნობ, სურათი ცუდი არ გვაქვს. დანაშაულის დინამიკა, შსს-ს მონაცმეებით დადებითია. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი შეგრძნება სხვა არის. რა არის ამის მიზეზი არ ვიცი, შეიძლება ის, რომ აბსოლუტურად დეტალურად შუქდება ყველა კრიმინალი. ვიმეორებ, ბევრს ვიმუშავებ პირადად და იმ მხრივაც, რომ საზოგადოებრივი აღქმა იყოს სამართლიანი. იყოს მართლწესრიგის შეგრძნება და შეგრძნება, რომ ყველა თანასწორია კანონის წინაშე, მათ შორის ხელისუფლების წევრების.

რაც შეეხება პრეზიდენტს, პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ფიზიკური შესაძლებლობის შემთხვევაში უშიშროების საბჭოს სხდომას დავესწრები. პრეზიდენტის გამოსახლების კამპანიაზე არ ვიცი რას გულისხმობთ, ცალკეულ პოლიტიკურ პირებს შეუძლიათ ამაზე აქცენტის გაკეთება. ეს გემოვნების საკითხია. აღვნიშნავ, პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, პოლიტიკურ გუნდს მეტ ანგარიშს გავუწევდი. პრეზიდენტი იმყოფება რეზიდენციაში და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან არ უნდა დაისვას.

“რუსთავი 2″-ზე ზეწოლა მთავრობის მხრიდან არ მიმდინარეობს და ამას არხის სარედაქციო პოლიტიკა ადასტურებს. ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები მოიტანა ამ მხრივ. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო რეტინგული ინსტიტუტების შეფასება, მათ შორის მსოფლიო ბანკის და გაეროს ადამიანთა უფლებების კომისიის შეფასება. ამ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციების სიხშირე მაღალია. პირობას ვდებ, პროცესი რომელიც მიმდინარეობს, გამჭვირვალე იქნება, მეტი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს. მე მხარს ვუჭერ კრიტიკულ მედიას, მაგრამ ადამიანურად ვითხოვ, იმუშაონ მედიებმა იმ მხრივ, რომ  ადამიანებს ხვალინდელი დღის იმედი ჰქონდეთ. როგორც ჩვენი, ისევე მოწინააღმდეგეების წარმომადგენლების აზრია, რომ აურა ქვეყანაში უარყოფითი და დაძაბულია. რაც ნაკლებად შევუწყობთ ამას ხელს ყველა ჩვენთაგანი, როგორც მთავრობა, პოზიცია, ოპოზიცია და მედია, მით უფრო უკეთესი ქვეყანა, განვითარებული ეკონომიკა და მეტი პოზიტივი გვექნება ქვეყანაში”. – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფალი დემოკრატების სხდომაზე, რომელმაც დამსწრეებს გულახდილი შეკითხვებისთვის მადლობა გადაუხადა და უმცირესობასთან შესახვედრად გაემართა.

იტვირთბა....