ეკა ბესელია აცხადებს, რომ მარგველაშვილის მეუღლის ძმის შეწყალების საკითხი შესასწავლია
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ მისი მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმის შეწყალების წესით სასწრაფოდ გათავისუფლებაზე ალაპარაკდა. სხვათა შორის, ბესელიას მხრიდან ამ საქმის ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, როცა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ელისაშვილის შეტყობინებების ნახვა დაადასტურა. ამის შესახებ ბესელიამ „ქართულ გაზეთთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
ბესელია ამბობს, რომ პრეზიდენტის მეუღლის ძმა, რომელიც 2011 წლის 4 მაისს, ჯგუფური, განძრახ მკვლელობის მცდელობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გაასამართლეს და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თავისუფალია. ის პრეზიდენტმა სასწრაფოდ შეწყალების წესით გაათავისუფლა.
“მე ვიცი ერთი ოჯახი, რომელიც სერიოზულ პრეტენზიებს აყენებს, რადგან პრეზიდენტის მეუღლის ძმა, რომელსაც 17 წელი ჰქონდა მისჯილი, და სულ სამი წელი ჰქონდა მოხდილი, სასწრაფოდ გაათავისუფლა შეწყალების წესით პრეზიდენტმა. მაშინ ახალი დანიშნული იყო ელისაშვილი. ის ოჯახი ძალიან სერიოზულად აპროტესტებს ამას და ითხოვს ამ თემებზე საჯარო განცხადებებს. ერთ-ერთი კითხვა, მაგალითად, არის რა კრიტერიუმებით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, იყო სხვა რაიმე მოტივაცია თუ არა. მაკა ჩიჩუას ძმაზეა საუბარი. არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც მივიდა ეს ოჯახი, ანუ დაზარალებული ოჯახი. მეც დამიკავშირდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ითხოვა ამ ფაქტზე ჩემი რეაგირება. მე უბრალოდ ვსვამ საკითხს, რომ შევისწავლოთ ეს გარემოებაც, ისევე როგორც სხვა ფაქტები: რა სტანდარტებით ხდებოდა შეწყალების კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა ბესელიამ.
იურისტების თქმით, კანონის თანახმად, ასეთი მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, მსჯავრდებული პირი, ამნისტიის შედეგად, სასჯელისგან სრულად ვერ გათავისუფლდებოდა. მას სასჯელი მხოლოდ ¼-ით შეუმცირდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ციხეს კიდევ 7 წელი (ისიც სასჯელის არა ¼-თ, არამედ განახევრების შემთხვევაში) ვერ დატოვებდა.
ეკა ბესელია ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ 2014 წლის გაზაფხულზე ის ელისაშვილს შეხვდა, მან უთხრა, რომ მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა, პრეზიდენტმა კი უპასუხა, რომ თუ ივნმე მასზე ზეგავლენას შეეცდებოდა, მაშინვე მასთან გადაემისამართებინა:
„2014 წლის გაზაფხულზე, შევხვდი ალეკოს. მან დააფიქსირა პოზიცია, რომ მასზე ხდება ზეწოლა. ჩემი პასუხი იყო მარტივი – ვუთხარი, რომ, თუ ვინმე შენზე ზეგავლენას შეეცდება, იმ წუთას გადმოამისამართე ჩემთან-თქო. ამით ეს თემა დავამთავრეთ. დანარჩენ დეტალებზე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დავავალე რომ ამ საკითხისთვის მიეხედა. გიდასტურებთ, რომ შეწყალების კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე და ჩემს მიერ სანდო ადამიანი ალეკო ელისაშვილი, რომელსაც მე ვიცნობ, როგორც ძალიან პატოსან ადამიანს, შემოვიდა, პრობლემა შემოიტანა და მე ეს პრობლემა გადავჭერი. ეს იყო 15-წუთიანი თემა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა და ყოფილმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ზეწოლას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ახორციელებდნენ.