ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ბავშვი სავარძლებს შორის იყო ჩაჭედილი…“ – ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედამთილი სკანდალურ დეტალებს იხსენებს

ფერაძის ქუჩაზე მოკლული 27 წლის ომარ ქაფიაშვილის დედამ, ლილი ქაფიაშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მკვლელობის ღამე, 19 დეკემბერი გაიხსენა. მისი თქმით, ერთადერთი მკვლელი არსებობს და ეს მისი რძალი, მაგდა პაპიძეა:

„მე და ჩემი მეზობლები ჩემ ოთახში ვიყავით, დაახლოებით 10-ის ნახევარი იყო. ამ დროს ოთახში მაგდა შემოვიდა, თუმცა მანამდე ომარი და ბავშვი იყვნენ შემოსულები. ბებიკოსთან უნდა ვითამაშოთო. მე და ბავშვმა ვითამაშეთ, ომარი კი წავიდა. მერე თოკომ მამიკოსთან მოინდომა. უკან რომ შევიყვანე ბავშვი, ომარმა მითხრა, დაღლილი ვარ, დედა, ცოტას წავუძინებო. მეც გამოვედი, თან უკვე ძილს აპირებდნენ. ცოლ-ქმარი მარტოები იყვნენ და აღარ შევსულვარ. არ მინდოდა, შემეწუხებინა. მაგდა ათისკენ რომ გამოვიდა, გრაფინი გამოიტანა წყლის ასავსებად. ვკითხე, პატარა სად არის-მეთქი? ასე მითხრა, ომარმა წაიყვანა ხაჭაპურის საყიდლადო.

შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შემოვიდა, ჯერ ჩაიდანი და მერე უკვე იატაკის ტილო შემოიტანა გასარეცხად. ეს არაფრად არ ჩამიგდია, რას ვიფიქრებდი, რისთვის უნდოდა, ყოველ საღამოს ძილის წინ წმენდდა ხოლმე. შემდეგ სარეცხი იყო შეყრილი მანქანაში, გამოიღო და დივანის გადასაფარებელი შეაგდო. კიდევ ერთი ცალი ჩუსტი იყო ომარის. ეს გადასაფარებელი რომ შემოიტანა და მანქანაში შეაგდო, მეზობელმა მკითხა, რა ფერია ესო და რომ შევხედეთ, მანქანაში წყალი სულ მთლად წითელი იყო. რა ვიცი-მეთქი, ამ გადასაფარებელს სულ ვრეცხავთ და აქამდე ფერი არ გადასვლია-მეთქი. დამცინეს კიდეც, ვთქვი, ფხვნილი ხომ არ არის ეგეთი ფერი-მეთქი.

მაგდამ მითხრა, მე რომ ომარს დავურეკო, არ მიპასუხებსო და მოდი, შენ დაურეკეო. დასარეკი არ მქონდა და ზარებს ვუშვებდი, არ მპასუხობდა. ამ შესვლა-გამოსვლების მერე, არ მეძინებოდა. სადღაც 2 საათისკენ დავურეკე მაგდას და ასე მითხრა, არ მოსულა, მე კიდევ ჩამეძინაო. წავალ, გარეთ გავალ, იქნებ სადმე იყოსო, ან ვინმეს დავურეკავ, რომ გამყვესო.

მანქანითაც ვერ გავალ, ღამეა პატრულიაო. მართვის მოწმობა არ ჰქონდა, მაგრამ პატრულის არასოდეს შეშინებია. ვუთხარი, მეც გამოვალ-მეთქი, მაგრამ არ გინდა, მე წავალო. ამის შემდეგ დაახლოებით 3-ის ნახევარზე დამიმესიჯა, არც დედამთილს მეძახდა და არც სახელს, ცუც-ასე მომმართავდა ხოლმე. „ცუც დაიძინე, მოდიან“, – ასე მომწერა. მე უკვე მოსულები მეგონნენ და გამოვვარდი სახლიდან. ამ დროს მაგდამაც გააღო კარი. როგორც წესი, დერეფანში სულ სინათლე ანთია ხოლმე და რატომღაც იმ ღამეს იყო ჩამქრალი. ჩემი შვილის სახლიდან მხოლოდ ტელევიზორის შუქი გამოდიოდა. მაგდამ მითხრა, რადგან მოდიან, შენ წადი, დაისვენე და მე ავალ, „კალონკაზე“ დავხვდებიო. კარგი, შვილო-მეთქი. მეგონა, მოვიდნენ და შევტრიალდი სახლში. ჩავწექი, მეთქი ყურს დავუგდებ, თუ მოვლენ, ხმაურს გავიგებ-მეთქი. ვერ ვიტყვი, ჩამეძინა-მეთქი, მაგრამ ნახევარი საათი თუ 10 წუთი გავიდა და ამ დროს მესმის კარზე ბრახუნი, მაგდა ვარ, მიშველეო. მეგონა, ალბათ ნასვამი მოვიდა და რაღაც კონფლიქტი მოუვიდათ, იმიტომ, რომ ამის დალევაზე ამ გოგოს სულ გართულება ჰქონდა. ამის გულისთვის ამპულაც ჩაიდგა, მოდი, „ვაფშე“ არ დავლევო.

გარეთ რომ გავვარდი, ომარი ძირს იწვა სისხლიანი. ერთი ეს მახსოვს, მაგდა დარბოდა ჩემს უკან. ბავშვი სად არის-მეთქი, ვკითხე და მანქანაშიაო. ომარს თავი დავანებე და მანქანასთან მივვარდი. ბავშვი „სიდენიებს“ შორის იყო ჩაჭედილი. თბილი იყო ჯერ, თოკო, თოკო, დავიწყე ყვირილი, ამ დროს მეზობლებიც გამოვიდნენ“,- აცხადებს ლილი ქაფიაშვილი „პრაიმტაიმთან“.

 

წყარო: პრაიმტაიმი

იტვირთბა....