“არაერთხელ გავაჟღერე ტელესივრცეში ჩემი ვარაუდი, რომ გიორგი გახარია აქტიურად შეუდგა თავის პარტიულ ელექტორალურ „რთველს“, რომ ამომრჩეველთა ეს მნიშვნელოვანი სეგმენტი ნაცმოძრაობის მხარდამჭერები არიან”, – ამის შესახებ ექსპერტი, დავით ქართველიშვილი მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის თანახმად აშშ-ში გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ.
ქართველიშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს “საქმეთა გადაბარების” პროცედურების დაწყებასთან, ან გახარიას პარტიისთვის ფინანსური საკითხების მოგვარებასა და თავად სააკაშვილის „საპენსიო“ მომავლის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
ძირითადად საჯარო სამსახურებში დასაქმებული თანამშრომლები, რომლებიც წლებია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჭერქვეშ მუშაობენ, მაგრამ არჩევნებიდან არჩევნებამდე თავის ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევენ. დასავლეთში როგორც იქნა მიხვდნენ, რომ სააკაშვილის ხელში ნაცმოძრაობა სრულდება, რომ თავად ბელადი, გაკოტრებული და პოლიტიკურად შეურაცხადია. მაგრამ დასავლეთს აღელვებს მისი ამომრჩევლის იმ ნახევარმილიონიანი არმიის შემდგომი ბედი, რომელიც რეიტინგ დაკარგული პარტიისა და გაკოტრებული ბელადის პირობებში ამჟამად გარკვეულ გაუგებრობაში იმყოფება. ალბათ, ამიტომაც არაა შემთხვევითი, რომ გიორგი გახარია ამჟამად თავის დასავლურ ტურნეს მართავს, ჯერ ბრიუსელში, ახლა კი ვაშინგტონში. „ნაცსექტანტებს“ ახალი პოლიტიკური „ლოკომოტივი“ სჭირდებათ – სააკაშვილთან შედარებით: შერაცხადი, ადეკვატური, სისხლიანი წარსულის, ხოლო მორალური თვალსაზრისით – სექსუალური და ნარკოტიკული დამოკიდებულების გარეშე. აი, რატომ გიორგი გახარია.
არც ის არის შემთხვევითი, რომ გახარიაც და სააკაშვილიც ვაშინგტონის ერთი სასტუმროს ჭერქვეშ მოხვდნენ, The Mayflower Hotel-ში და ისიც ერთდროულად. არ არის გამორიცხული, რომ მათი შეხვედრა ან შეხვედრები (როგორც ამაზე მედია და სოცქსელები იუწყებიან) მართლაც შედგა. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს „საქმეთა გადაბარების“ პროცედურის დაწყებასთან, გახარიას პარტიის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხის მოგვარებასა და თავად სააკაშვილის „საპენსიო“ მომავლის განსაზღვრასთან ამ ახალ კონფიგურაციაში. პირადად ჩემთვის ამ თეორიის გამყარების შემდეგი დასტური იქნება გიორგი გახარიას „საკურაციო ზონაში“ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო სექტორის იმ ნაწილის გადაბარგება, რომელსაც დღემდე სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“ კურირებდა. არაა გამორიცხული, რომ ეს საკითხები ვთქვათ, პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ჩაიბაროს. ხოლო ფინანსური საკითხები დავით კეზერაშვილის გუნდის ყოფილმა წევრებმა, ძმებმა ხოჯევანიშვილებმა.
პოლიტიკური მარკეტინგისა და მენეჯმენტის თვალსაზრისით, თუ კი ეს მოსაზრება ახლოსაა რეალობასთან, საკმაოდ გაბედული და გამართლებული სვლაა. სააკაშვილის „ტიტანიკი“ იძირება, მისი ამომრჩეველი იხრჩობა და წმინდა პოლიტიკური ჰუმანიზმი და საკუთარი პრაგმატული პოლიტიკური გათვლები კარნახობენ მათ, თუნდაც ნაწილის – გადარჩენას და საკუთარ სამაშველო გემზე გადაყვანას. ამავდროულად – ვინც გადასარჩენი არაა, რა თქმა უნდა ჩაძირვას ექვემდებარება.” – წერს ქართველიშვილი.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ.