ქართული ოცნების დეპუტატი მანანა კობახიძე შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ალეკო ელისაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს.
“ვგეგმავთ ბატონი ალეკოს მიმართაც სარჩელის შეტანას. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, რომ ყველა ცილისწამებელს პასუხი გავცეთ. აუცილებლად შევა სარჩელი სასამართლოში,”- აცხადებს კობახიძე.
ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ თავის სიმართლეს დაამტკიცებს.
“დიდი სიამოვნებით დაველაპარაკები სასამართლოში მასაც და მის ამხანაგ ქალბატონსაც, რომლებიც პატიმრების ხარჯზე გამდიდრებას აპირებდნენ. დავუმტკიცებ მათ. მიჩივლონ არ არის პრობლემა,” – ამბობს ელისაშვილი.
როგორც ცნობილია, ელისაშვილი მანანა კობახიძესა და ეკა ბესელიას შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, კობახიძე და ბესელია მას კონკრეტული პატიმრების შესაწყალებელ სიაში ჩასმას აიძულებდნენ.