ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხუხაშვილი პროკურატურაზე: მოახდინეს მივიწყებული საქმის აქტუალიზაცია, რითაც დააზიანეს ჩანაწერის ფიგურანტები

“თუ პროკურატურას უნდოდა ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით საქმის დახურვა, ეს უნდა გაეკეთებინა ყოველგვარი ხმაურის გარეშე”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამით, პროკურატურის გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, 6 მარტს TV პირველის ეთერში გასული სიუჟეტი, რომელიც ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო ჩანაწერს ეხებოდა, არაავთენტურია და დამონტაჟებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით გია ხუხაშვილი შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

“ბრიფინგით მათ მოახდინეს უკვე პრაქტიკულად მივიწყებული საქმის აქტუალიზაცია, რითაც კიდევ უფრო დააზიანეს ჩანაწერის ფიგურანტები.

ახლა მთავარი კითხვაა – ეს შეგნებულად გააკეთეს, თუ სიბრიყვით მოუვიდათ?”, – წერს ხუხაშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ბერა ივანიშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის მოზარდი 13-18 წლამდე დიაპაზონში. მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ირაკლი ღარიბაშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 25-30 წლამდე დიაპაზონში, ხოლო მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ანზორ ჩუბინიძის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 35-40 წლამდე დიაპაზონში.

იტვირთბა....