პროკურატურის მიერ შუალედური გამოძიების თანახმად, 6 მარტს TV პირველის ეთერში გასული სიუჟეტი, რომელიც ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო ჩანაწერს ეხებოდა და რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, დადგინდა, რომ ჩანაწერი 2011-2012 წლებისაა, არაავთენტურია და დამონტაჟებულია.
“ხსენებულ საქმეთა მასალების შესწავლით დგინდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს არანაირი კავშირი და შემხებლობა საქმეებში მითითებულ ფაქტებთან არ ჰქონიათ. ფარული მიყურადების მასალებში, მათი მობილური ტელეფონის ნომრების მფლობელებად მითითებული იყო გამოგონილი სახელებისა და მეტსახელების მქონე არაიდენტიფიცირებული პირები და ფარული მიყურადებისთვის საფუძვლები იქმნებოდა უკანონოდ, საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით.მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე უკანონო მოსმენა ხორციელდებოდა გიორგი წულაიას, ირაკლი მჭედლიშვილის, ვინმე ბესოს სახელით, ბერა ივანიშვილის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე — გიორგი ფრუიძის, ვინმე გიგას, ვინმე სანდროს სახელით, ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე — უშანგი ხაფავას, თორნიკე ყიფიანის, ვინმე ზურას სახელით და ა.შ”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მავე განცხადების მიხედვით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ბერა ივანიშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის მოზარდი 13-18 წლამდე დიაპაზონში. მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ირაკლი ღარიბაშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 25-30 წლამდე დიაპაზონში, ხოლო მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ანზორ ჩუბინიძის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 35-40 წლამდე დიაპაზონში.
“მიღებული ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ რეპორტაჟში არსებულ ყველა აუდიო ჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების კვალი და აბსოლუტურად ყველა მათგანი მიღებულია მონტაჟის გზით. მონტაჟის მიზნით, სპეციალური პროგრამების გამოყენებით, მათზე დადებულია სხვადასხვა აუდიო ჩანაწერიდან აღებული ფონი და რედაქტირების შემდეგ საბოლოოდ მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები.
ბუნებრივია, რომ სატელევიზიო სიუჟეტის მომზადებისას, სხვადასხვა მიზნით, გარკვეული აუდიო თუ ვიდეო მასალა შესაძლოა დამზადდეს მონტაჟის გზით, ისე რომ არ იცვლებოდეს მისი რეალური შინაარსი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, აუდიო ჩანაწერების მონტაჟის შედეგად, შერჩევითი ფიქსაციის გზით, მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე სიტყვები და წინადადებები. მონტაჟის პროცესში, გამოყენებულია საუბრის მონაწილეთა მიერ სხვადასხვა დროსა და ვითარებაში წარმოთქმული წინადადებები, სიტყვები, ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი. საერთო ჯამში, მონტაჟის ავტორთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერების მისაღებად, ჩანაწერებში, მონტაჟის კვალი აღინიშნება 170 ადგილას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და გამოვლენის მიზნით. კერძო საუბრის კომუნიკაციის ჩანაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს ჟურნალისტების ან მედია საშუალების მხრიდან საჯარო სივრცეში აღნიშნული ტიპის ჩანაწერის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის მიმართულებით.