სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებით, დღეისათვის ყველა მსხვილ ბავშვთა სახლში მიმდინარეობს დეისტიტუციონალიზაციის პროცესი. მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, აღნიშნული დაწესებულების დატოვების სურვილი 6 არასრულწლოვანის მხრიდან გამოითქვა.
“მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა.
ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა, იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.
ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან.
გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში ჩაერთვნენ სააგენტოს ფსიქოლოგებიც”, – ნათქვამია განცხადებაში.
პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 4 კაციანი ჯგუფი ცოტა ხნის წინ ნინოწმინდის პანსიონში შევიდა.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს.
ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.
19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.