ქართული ოცნების დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ არსებულ პროცესებს მეტრონომთან აფასებს და ამბობს, რომ სახალხო დამცველის მოთხოვნა, პანსიონში შესვლის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს. მისივე თქმით, ნინოწმინდის პანსიონში “კარგის მეტი არაფერი ხდება.”
“მე ვიცი რაც ხდება [ნინოწმინდის] ბავშვთა სახლში და ჩემთვის ინფორმაციულად, ეს აბსოლუტურად საკმარისია. თუმცა, კატეგორიულად მიუღებელია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი იქ არ შევიდეს და ის ინფორმაცია არ გამოიტანოს, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ამ ორ სხვადასხვა, პარალელურ ფაქტს შორის, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოდეს გადაკვეთა და ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე იქნება.
ქალბატონი ნინო ლომჯარია იქ ნამყოფიც არის და ზუსტად იცის, რაც ხდება და არ ხდება, თუმცა, ოფიციალურად, მას შესვლა და ბავშვთა უფლებების ნაწილში მონიტორინგის გაკეთება სურს. უნდა შეუშვან და ნახოს რა ხდება.
ნინოწმინდის ბავშვთა სახლში კარგის მეტი არაფერი ხდება. ეს ჩემი, ინდივიდუალური ადამიანის შეფასებაა, რომელსაც ბავშვებთან მიმართებაში, წლების განმავლობაში ნამუშევარი აქვს. მე ვიცი ცუდი კი არა, ძალიან კარგი რაღაცები ხდება, მაგრამ ამის პარალელურად, მიუღებლად მიმაჩნია ის, რომ სახელმწიფო პოლიტიკას ვინმე არ ექვემდებარებოდეს”, – თქვა ირმა ზავრადაშვილმა მეტრონომთან.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს.
ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.
19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.