ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯაფარიძე: გახარიამ პირადად მომცა წერილი, ძალიან ცუდია, რომ გამბედაობა აკლია თქვას: „დავუშვი შეცდომა“

ლელო საქართველოსთვის გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ხელოვნურად არის შემოყვანილი პოლიტიკურ ველზე ბიძინა ივანიშვილის მოთამაშედ, რომელიც მის კრიტიკასაც ვერ ბედავს. როგორც ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი დაადასტურა, გიორგი გახარიამ მას ე.წ. მუქარის შემცველი წერილი პირადად გადასცა.

„ჩვენ რომ გვყავდეს დამოუკიდებელი პროკურატურა, რა თქმა უნდა, დაადგენდა, ვისი თითის ანაბეჭდებია ამ წერილზე. საბოლოოდ ხომ გვსურს, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. სიმართლე არის ერთი, ეს მუქარის წერილი იყო მისგან ჩემზე პირადად გადმოცემული. მას უნდა ეყოს გამბედაობა, ეს საზოგადოებას უთხრას. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი მხრიდან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გზები სამომავლოდ გადაიკვეთოს და პარტნიორებიც გახდნენ, ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა, რომ „მატყუარა პარტნიორი ვერ წარმოუდგენია“.

„სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია, რომ მატყუარა პარტნიორი მყავდეს. პირველ რიგში, აუცილებელია ადამიანმა სიმართლე თქვას. როგორ შეიძლება პარტნიორი გყავდეთ, რომლისგანაც სულ ტყუილს ელოდებით. თუ ნდობა არ არსებობს, როგორ შეიძლება ასეთ მხარესთან იპარტნიორო. ამ ეტაპზე მხოლოდ ტყუილს ვხედავ მისი მხრიდან, თუ დავინახავ, რომ ის გულწრფელად იტყვის, რატომ გადმოგვცა ეს წერილი, რომელიც თქვენთვის ცნობილია, რატომ გააჩერა ანაკლიის პროექტი… მან პირადად მომცა წერილი, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ძალიან ცუდია, რომ გამბედაობა აკლია თქვას, დავუშვი შეცდომა და ეს გააკეთა, მაგრამ უნდა თქვას, ვინ დაავალა ამ წერილის გადმოცემა“, – თქვა ჯაფარიძემ.

მან ასევე ანაკლიის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას უპასუხისმგებლო და არასახელმწიფოებრივმა გადაწყვეტილებამ ქვეყანა დააზიანა.

იტვირთბა....