სოფელ გუმათში, სადაც ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ 2 ივნისს პოლიციის შენობასთან აქციას გამართავენ და მათი აქტივისტის, ირაკლი მუკბანიანის დაკავებას გააპროტესტებენ.
“ეს ამბავი არის “შეკერილი,” რომ მოხდეს დესტრუქციულ ვექტორზე ჩვენი მოძრაობის გადაყვანა მათი მხრიდან და ზოგადად, დისკრედიტაცია, თითქოს ვიღაც ვიღაცაზე ძალადობს. საზოგადოებამ ნახა კადრი ხელის მოქნების ირაკლის მხრიდან პოლიციელის მიმართულებით, თუმცა, ვინც ვიდექით მის ირგვლივ, ყველამ მოისმინა გინება პოლიციელისგან, რასაც მოჰყვა ხელის მოქნევა. ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია საპოლიციო ძალების მხრიდან.
ხვალ ვგეგმავთ, რომ მივიდეთ სამხარეო პოლიციის შენობასთან 12 საათისთვის”, – თქვა გოლეთიანმა TV პირველთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ საყულიეში ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ირაკლი მუკბანიანის დაკავებისას პოლიციამ გამაფრთხილებლად გაისროლა. უწყებამ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც თვითმხილველებმა თქვეს, რომ სპეცრაზმმა მუკბანიანის დაკავებისას მათი მიმართულებით გაუფრთხილებლად ისროლა. მათივე თქმით, ერთი პირი რეზინის ტყვიით, მეორე კი ცეცხლსასროლი ტყვიით დაიჭრა.
უწყების ცნობითვე, მუკბანიანს 29 მაისს, აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.