ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოვუწოდებ ეკონომიკის სამინისტროს შუქურთის თემაზე მედიატორად ჩაერთოს — ომბუდსმენი

31 მაისს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს კომპანია ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენელთან კომუნიკაცია ჰქონდათ, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიამ შუქრუთის დაზარალებულ მაცხოვრებელთა ქონება საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით შეაფასა.

“წარმომადგენლის თქმით, კომპენსაციის გაცემა არ გულისხმობს ქონებაზე საკუთრების და სარგებლობის უფლების ჩამორთმევას. კომპანიის წარმომადგენელის ცნობით, მოსახლეობასთან ხელშეკრულებები ეტაპობრივად, დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით ფორმდება. აღსანიშნავია, გარდა იმისა, რომ პროტესტის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ კომპანიის მიერ ჩატარებულ შეფასებებს და ითხოვენ კომპენსაციის ოდენობა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ განსაზღვროს, სადავოა მხარეებს შორის ქონების შეფასების მეთოდოლოგიაც. ასევე, მოსახლეობის მოთხოვნაა, შესაბამისი ხელშეკრულებით გაიწეროს კომპანიის მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება და ვადები”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოუწოდებს შუქურთის მოსახლეობასა და კომპანიას შორის მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა როგორც საკუთრების, ასევე, ჯანსაღა გარემოში ცხოვრების უფლება.

როგორც ცნობილია, შუქურთში მოსახლეობის პროტესტი უკვე 105 დღეა გრძელდება და რამდენიმე მათგანმა პირიც ამოიკერა. ისინი ჯორჯიან მანგანეზის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

იტვირთბა....