ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი: თანამებრძოლებმა შემოვლითი გზით სცადეს გადასვლა, სპეცრაზმი გაეკიდა, გამოაბრუნეს

სოფელ გუმათში, სადაც ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, ხმაურია. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირებზე ხელებს ურტყამენ. აქციის მონაწილეებმა ხეობაში მოხვედრა ტყის ბილიკის გამოყენებით სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა TV პირველთან თქვა, რომ პროტესტს ყოველდღიური სახე აქვს და მანამდე გაგრძელდება, სანამ ბარიკადებს არ აიღებენ და მოთხოვნები არ შესრულდება.

“ამ ბარიკადს აქვს აბსოლუტურად სიმბოლური მნიშვნელობა კომპანიისთვის და ხელისუფლებისთვის, ამიტომ ის რომ თითქოს ჩვენ სადმე ვიჭრებით აქ გადასვლით, არის აბსოლუტური ტყუილი, უბრალოდ გზაზე, ჩვენი სახლების მიმართულებით გვინდა გადაადგილება, ამის უფლება არ გვეძლევა უკვე დიდი ხანია და შემოვლითი გზით დააპირეს გადასვლა ჩვენმა თანამებრძოლებმა, გაეკიდა მათ სპეცრაზმი ტყეში, დააკავეს და გამოაბრუნეს უკან და შემდეგ მოხდა აქ დარჩენილების მიწოლა პოლიციის მიმართ”.- ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

რიონის მცველები სოფელ ნამოხვანის მიმართულებით გზის გახსნას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისათვის, ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

 

 

 

იტვირთბა....