საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ გიორგი კვირიკაშვილი იქნება. „ქართული ოცენების“ წარმომადგენლები უკვე ღიად საუბრობენ, რომ კვირიკაშვილს მხარს დაუჭერენ. კვირიკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ფავორიტი იყო. ის ჯერ ეკონომიკის სამინისტროს ედგა სათავეში, ცოტა ხნის წინ კი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. ანალიტიკოსები საუბრობდნენ, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ინვესტიციების მოზიდვის სურვილით იყო განპირობებული. კვირიკაშვილი ინვესტიციებს ახლა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ისე მოიზიდავდა.
შეგახსენებთ, 2012 წლიდან რაც ხელისუფლება შეიცვალა და ეკონომიკის სამინისტროს კვირიკაშვილი ჩაუდგა სათავეში, საქსტატის მონაცემებით ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა.
ვინ არის გიორგი კვირიკაშვილი და რა ქონებას ფლობს ახალი პრემიერი?
კვირიკაშვილმა 1991 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტი დაამთავრა, სწავლა შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო ეკონომიკის მიმართულებით. კვირიკაშვილს ფინანსების მაგისტრის ხარისხი ილინოისის უნივერსიტეტში აქვს დაცული. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, სავარაუდო პრემიერ-მინისტრი ძირითადად „ქართუ ბანკში“ მუშაობდა. 2006-2011 წლებში ივანიშვილის ბანკის გენერალური დირექტორიც იყო. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, საიდან მოხვდა კვირიკაშვილი ივანიშვილის მთავრობაში.
რაც შეეხება სავარაუდო პრემიერის ქონებრივ მდგომარეობას, როგორც მის დეკლარაციაში ვკითხულობთ კვირიკაშვილის სახელზე ორი საცხოვრებელი სახლი ერთი ბინა და ორი მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული. საცხოვრებელი სახლი, თბილისი, ზოვრეთის ქ. 25, ფართობი- 190.00 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი, დუშეთის რაიონი სოფ. ქვეშეთი, ფართობი- 250. 00 კვ.მ.ბინა კვირიკაშვილს სამგორის რაიონში აქვს.
საბანკო ანგარიშების მხრივ, კვირიკაშვილს ძირითადად „ქართუ ბანკში“ აქვს თანხა შეტანილი. „ქართუ ბანკში“ მისი ანგარიშები ასე გამოიყურება: 14 000 GEL(დებეტი), 10 000 USD(დებეტი), 5 000 EUR, TBC ბანკში კი კვირიკაშვილს 4 930 USD აქვს ანგარიშს.
კვირიკაშვილმა 2014-2015 წლებში ხელფასის სახით ეკონომიკის მინისტრის რანგში 81 250 ლარი აიღო, ანუ მინისტრი თვიურად დაახლობით 6 770 ლარს იღებდა.
კვირიკაშვილს ნდობას უმრავლესობა სავარაუდოდ მალე გამოუცხადებს და 2016 წლის საპარლამეტო არჩევნებამდე ქვეყანას მართავს. მოახერხებს თუ არა „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას, რეიტინგის ვარდნის ასე აშკარა ფონზე რთული სათქმელია.
მარიამ ვარადაშვილი