პარტია ქართული ოცნების განცხადებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი დესტრუქციული პოლიტიკური პროგრამის მარცხი ფაქტობრივად აღიარა. მმართველი გუნდი პარლამენტში შესვლასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის დღევანდელ გადაწყვეტილებას ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ფაქტობრივად აღიარა თავისი დესტრუქციული პოლიტიკური პროგრამის მარცხი, იკავებს ადგილებს საქართველოს პარლამენტში. ამასთან, „ერთიანი ნაციონალირი მოძრაობა“ უარს აცხადებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც არის პოლიტიკური კრიზისის დასრულების კონსენსუსის საფუძველი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განმარტა, მათთვის ერთი პუნქტი კატეგორიულად მიუღებელია – საუბარია 20 ივნისის საქმეების ამნისტიაზე.