პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ქართული ოცნების ვერსიას პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული:, – ერთი ოპოზიციის და ერთიც მმართველი პარტიის.
ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე — ეს კანონპროექტის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტია. ამავე მუხლის მიხედვით, ამნისტია ვრცელდება დანაშაულის მომზადების ან მომზადების მცდელობაზეც და პირობით მსჯავრზეც.
კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 144¹-144³ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, წამებასა და დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.
ქართული ოცნების ვერსიის მიხედვით, ამნისტია გავრცელდება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამი მუხლისა, ხოლო ოპოზიციის კანონპროექტში დაკონკრეტებულია ის მუხლები, რომლებზეც უნდა გავრცელდეს ამნისტია, დანარჩენი ყველა საქმე კი პროექტს მიღმა რჩება (ანუ ამნისტია არ შეეხება), მათ შორის, 20 ივნისის საქმეზე სამომავლოდ შესაძლო დაწყებული გამოძიებები. კანონპროექტებს შორის კიდევ ერთი განსხვავება ეხება დაზარალებულის თანხმობას.
ოპოზიციის პროექტის მიხედვით, იმისთვის, რომ კონკრეტულ სახელმწიფო მოხელეს არასათანადო ქმედებისთვის ამნისტია შეეხოს, ამაზე ამ ქმედებით დაზარალებული ადამიანი უნდა იყოს თანახმა. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ დაზარალებულის თანხმობა საჭიროება მხოლოდ სამართალდამცავების წინააღდეგ არსებულ საქმეებში პოლიციელების დისკრიმინაციაა. საპასუხოდ, ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სამართალდამცველებისთვის განსხვავებული სტანდარტი უნდა არსებობდეს.
ქართული ოცნების ვერსიაში წერია, რომ ამნისტია შეეხება მას, ვინც “უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე”, ოპოზიციის კანონპროექტში მსგავსი ჩანაწერი არ არის.