ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კობახიძე: რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციების დაფინანსების შესახებ კომენტირებისას ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ღონისძიებებზე ათეულობით ათასი ლარი დაიხარჯა, რაც ნიშნავს, რომ რიონის მცველებს ძლიერი დამფინანსებელი ჰყავთ.  ვინ აფინანსებს მოძრაობას, ამ კითხვაზე პასუხს კობახიძე აქციის ორგანიზატორებისგან ელოდება.

როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ორგანიზატორთა მხრიდან თანხების დეკლარირებაზე უარის თქმა ეჭვებს ამძაფრებს. რაც შეეხება პროტესტს, ის იმედოვნებს, რომ პროტესტის ფორმებთან დაკავშირებით, აქციის ორგანიზატორები რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

“რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა “ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული, ფინანსურად ძლიერი დამფინანსებლები ჰყავდა ამ აქციას. რა თქმა უნდა, ასეთ დროს მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, მაგრამ აქციის ორგანიზატორებმა უარი თქვეს გამჭვირვალობაზე, რაც დამატებით ეჭვს ბადებს,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რიონის ხეობის მცევლი და ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ყველა იმ წყაროს და კერძო პირის შესახებ ინფორაციის გასაჯაროვებას გეგმავს, რომლებიც მათ თანხებს ურიცხავენ. გოლეთიანმა პოლიტიკოსებსა და იმ მოქალაქეებს მოუწოდებს, ვისაც რიონის ხეობის მცველების დამფინანსებლებში ეჭვი შეაქვთ, თავადაც გაასაჯაროვონ საკუთარი დაფინანსების წყაროები.

შეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველები ამ დროისთვის გუმათში იმყოფებიან. მათი თქმით, კონკრეტულად სამშენებლო კომპანია ენკას არ მისცემენ ჰესის მშენებლობის უფლებას. თუმცა, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და ისინი რიონის ხეობის მცველებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

იტვირთბა....