ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი: რეპრესიულ გარემოში ვერ მოვახერხებთ, რომ მშვიდად ვისაუბროთ რა პრობლემები აქვს პროექტს

მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებლის ვარლამ გოლეთიანის თქმით, გუმათში კომპანია ენკას კუთვნილი მანქანებისთვის გზა გადაკეტილია და მათ გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ. როგორც გოლეთიანმა დღის კურიერის ეთერში აღნიშნა, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის წინაპირობად რიონის ხეობის მცველებს ორი კონკრეტული მოთხოვნა ჰქონდათ, თუმცა მისივე თქმით, ორივე პირობის შესრულებაზე უარი მიიღეს.

“მოლაპარაკებაზე როცა იყო საუბარი, ჩვენ დავაყენეთ ორი პირობა იმისთვის, რომ დავმსხდარიყავით დიალოგის მაგიდასთან. პირველი იყო ის, რომ შეწყვეტილიყო სამუშაოები ხეობაში, ვიდრე ვსაუბრობთ, იმიტომ, რომ ალოგიკურია, თუ ჰესის აშენება-არ აშენებაზე უნდა ვისაუბროთ, ამ დროს მიმდინარეობდეს ხეობაში ჰესის მშენებლობა და ასევე მეორე პირობა იყო ის, რომ ბარიკადები, რომელიც აღმართულია, უნდა აღებულიყო და საპოლიციო ძალები გასულიყო რიონის ხეობიდან.

ესეთ რეპრესიულ გარემოში ბუნებრივია ჩვენ ვერ მოვახერხებთ იმას, რომ მშვიდად დავსხდეთ და ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეები არსებობს, ზოგადად რა პრობლემები აქვს კონკრეტულ პროექტს და იმ ენერგოპოლიტიკას, რომელსაც დღეს ატარებს ქვეყანა. ამიტომ, წარმოუდგენელია აქ ეს პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობდეს და ჩვენ მშვიდად ვისაუბროთ და დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან. მათ თქვეს, რომ ვერ შეასრულებდნენ ამ პირობებს.

რაც არ უნდა გამოიკვეთოს, რომ ანტისახელმწიფოებრივია ხელშეკრულება, დანაშაულებრივია და ეს სახეზეა ყველაფერი ისედაც, ისინი მაინც არ განიხილავენ იმას, რომ პროექტი შეიძლება შეჩერდეს. ამ პირობებში დიალოგს არანაირი აზრი არ აქვს და ამიტომაც არ დავთანხმდით,“ – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

შეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველები ამ დროისთვის გუმათში იმყოფებიან. მათი თქმით, კონკრეტულად სამშენებლო კომპანია ენკას არ მისცემენ ჰესის მშენებლობის უფლებას. თუმცა, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და ისინი რიონის ხეობის მცველებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

 

იტვირთბა....