ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გადაიხედოს ლიცენზირების საკითხი — რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში

დიდი ზომის დაწესებულებაში ცხოვრება იმთავითვე არღვევს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. წარმოიდგინეთ, 56 არასრულწლოვანი ერთ სივრცეში, სადაც ვერ ვისაუბრებთ ოჯახთან მიახლოებულ გარემოზე, ზრუნვაზე, მაშინ, როცა სახელმწიფოს განაცხადი არის ის, რომ მისი არჩევანია დეინსტიტუციონალიზაცია, ანუ ყველა ბავშვის ცხოვრება ოჯახში ან ოჯახთან მიახლოებულ გარემოში. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი არ გავრცელდა თანაბრად, მათ შორის, რელიგიურ კონფენსიებთან არსებულ დაწესებულებებზე – სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე.

metronome.ge-მ გაარკვია, რა პრობლემებია ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, რატომ არ უნდა საპატრიარქოს, რომ იქ სახალხო დამცველი შეუშვას, რა რისკის ქვეშ არიან იქ მცხოვრები ბავშვები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, ვინ არის ამ ბავშვებზე პასუხისმგებელი და რა არის გამოსავალი არსებული რთული ვითარებიდან.

აქვე, აღსანიშნავია, რომ თემაზე მუშაობისას, ვცადეთ, საპატრიარქოსთან დაკავშირება, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ.

15 აპრილს ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგის განსახორციელებლად სახალხო დამცველი არ შეუშვეს.

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის  (PHR) გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართა, რომელმაც 7 მაისს გამოსცა ღონისძიება. აღნიშნული ღონისძიების თანახმად, სახელმწიფოს დაევალა, უზრუნველეყო ომბუდსმენის მიერ პანსიონში მონიტორინგის განხორციელება.

19 მაისს ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში განმეორებითი ვიზიტით მივიდა. კარი ისევ არ გაუღეს, მიზეზად კი ხელმძღავანელის მითითება დასახელდა. გარდა ამისა, ომბუდსმენის ვიზიტის დროს ნინოწმინის მე-4 საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებოდა პანსიონის არცერთი ბავშვი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დაწესებულება სახელმწიფო უწყებების მიერ წინასწარ გაფრთხილებული იყო.

ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძეა, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ვინმეს ნინოწმინდის პანსიონში შესვლა სურდა, “ჯერ მისი გვამისთვის უნდა გადაებიჯებინა”.

რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა სახლში

სახალხო დამცველმა აღნიშნულ ბავშვთა სახლში მონიტორინგი 2015 და 2018 წლებში განახორციელა. მონიტორინგის შედეგების ანგარიშებში აღწერილი იყო პანსიონში არსებული სიტუაცია, რომელიც არ აკმაყოფილებდა ბავშვზე ზრუნვის სტანდარტს.

ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი არის კონკრეტული ღონისძიებები, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება, სადაც ბავშვები იმყოფებიან. ნინოწმინდის პანსიონში კი დაფიქსირდა მთელი რიგი დარღვევები — ბავშვებისადმი არასათანადო მოპყრობა; დასჯის სხვადასხვა ფორმა; მათი, ფაქტობრივად, სრული იზოლირება გარესამყაროსგან; არასათანადო ჯანდაცვის მიწოდება; ბავშვებისთვის არაფორმალური განათლების არმიწოდება.

2015 წლის მწვავე ანგარიშების შემდეგ, 2018 წლის მონიტორინგის განხორციელებისას სახალხო დამცველს ბავშვებთან უშუალო გასაუბრების საშუალება აღარ მიეცა. როგორც წესი, ბავშვებთან აღნიშნული ტიპის კომუნიკაცია იძლევა ყველაზე სიღრმისეულ ინფორმაციას არსებული სიტუაციის შესახებ. მიუხედავად ამისა, 2018 წლის ანგარიშიც უხეშ დარღვევებზე და პანსიონში არსებულ კრიტიკულ სიტუაციაზე საუბრობდა.

“სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს ბავშვების უფლებების დაცვას. ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია ისეთი ტიპის დაწესებულებები, სადაც მაღალია რისკები ბავშვის უფლებების დარღვევის, შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ რელიგიური კონფენსიების დაქვემდებარებაში არსებულ დიდი ზომის ინსტიტუციებს. ჩვენი არერთი მცდელობის მიუხედავად, მონიტორინგის განხორციელების საშუალება არ გვეძლევა, ხოლო სახელმწიფო, რომლის მიერაც არის ლიცენზირებული ეს დაწესებულება, ქმედით ნაბიჯებს არ დგამს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად”, – განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ.

2013 წელს დასრულდა დიდი ზომის ბავშვთა სახლების დახურვა და დეინსტიტუციონალიზაცია. ამავე დროს დაიწყო აღმოცენება საპატრიარქოს ბავშვთა სახლებმა. საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა სახლებიდან მხოლოდ 3-ს აქვს სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ლიცენზია. დანარჩენი, დაახლოებით, 38-მდე ბავშვთა სახლი არალიცენზირებულია და სრულიად არავინ იცის, რა ხდება იქ.

ლიცენზიაში იგულისხმება, რომ ეს დაწესებულებები არის როგორც შიდა კონტროლში, ანუ სახელმწიფო არის მათზე პასუხისმგებელი და მის წარმომადგენელ სოციალურ მუშაკს უნდა ჰქონდეს მუდმივი კონტაქტი ბავშვებთან, ყოველდღიურიც კი. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან უნდა ხდებოდეს კონტროლი. ლიცენზიის კომპონენტებია — კვება, ჰიგიენა, განათლება, ჯანდაცვა. ამ ყველაფრის გამართულობა უნდა უზრუნველყოს პასუხისმგებელმა პირმა. გარე მონიტორინგის მექანიზმი კი არის სახალხო დამცველი. ერთადერთია, რომელსაც კანონით აქვს უფლება შევიდეს დახურული ტიპის დაწესებულებებში.

“დიდი ინსტიტუციების დაშლა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების შექმნა არ ყოფილა ჩვენი ქვეყნისთვის ლოკალური პროცესი, მთელი სამყარო შეთანხმდა იმაზე, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ძალიან რთულია, ბავშვმა შეიძინოს საჭირო უნარჩვევები, ან დაცული იყო ძალადობისგან, ბევრმა კვლევამ დაადასტურა. კერ კიდევ გასული საუკუნის 20-40-იან წლებში დაიწყო საუბარი ამაზე იმიტომ, რომ დაფისქირდა ძალიან ბევრი პრობლემა — ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ქცევითი პრობლემები. ამას თავისი ახსნა აქვს, ბავშვი, რომელიც იზრდება ბიოლოგიური ოჯახისგან შორს, არ აქვს მიჯაჭვულობის ობიექტი და გადადის სისტემაში, სადაც მასთან ერთად, შესაძლოა, იყოს 50-100-150 და კიდევ უფრო მეტი ბავშვი, იქ, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, იყოს ინდივიდუალური მიდგომა. რა თქმა უნდა, ქცევითი დარღვევებიც დამახასიათებელია ამ ბავშვებისთვის. ამას ცოდნა სჭირდება, მართვა სჭირდება. ძალიან მაღალია, ხოლმე, ინდექსი ასეთი ტიპის დაწესებულებაში, ბავშვებ შორის ძალადობის, ბავშვის მიმართ ძალადობის. რთული ქცევითი გამოვლინებების მართვა, სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს. 50 ბავშვი სადაცაა,  პერსონალის რაოდენობა რამდენი უნდა იყოს, რომ ინდივიდუალური მიდგომა განხორციელდეს. ასეთი რთული ქცევითი გამოვლინებები აღიკვეთება ძალადობის გზით”, – განაცხადა ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ.

ცირამუას თქმით, დღეს, 21-ე საუკუნეში, წარმოუდგენელია, არსებობდეს დიდი დაწესებულება ბავშვების, რომელიც არ არის არანაირად მიახლოებული ოჯახის მოდელს და მით უმეტეს, არ ხდებოდეს იქ არსებული სიტუაციის შეფასება.

“ბევრი საჭიროებაა აქვთ ბავშვებს — კვება, ტემპერატურა, პირადი სივრცე (ესეც კი სატანსარტითაა განსაზღვრული, რამხელა შეიძლება იყო ფიზიკური სივრცე ბავშვისთვის გამოყოფილი), აქვს თუ არა პირადი ნივთების შესანახი საშუალება, აქვს თუ არა ტანსაცმელი, რამდენად უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის საჭიროებები, რამდენად ხშირია ავადობა, რამდენად დაცულია ძალადობისგან, რამდენად ხელშეწმყობია გარემო ბავშვის განვითარებისთვის, რამდენადაა ჩართული ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში, რამდენად აქვს ბავშვს პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა. სახელმწიფო ვალდებულებაა, ამ ყველა ნიუანსის შესაბამისად შეაფასოს ყველა ის დაწესებულება, სადაც ბავშვი არის სახელწმიფო ზრუნვაში. სრულიად ლოგიკურია, სახლახო დამცველის სურვილი, შევიდეს და შეისწავლოს მსგავსი ტიპის დაწესებულებაში არსებული სიტუაცია და სრულიად გაუგებარია, რა მოტივით ხდბა ამის უგულვებელყოფა”, – აღნიშნა ცირამუამ.

გარდა ამისა, ცირამუა საუბრობს აღმზრდელების უნარ-ჩვევებზეც. ფსიქოლოგის თქმით, აღმზრდელებმა უნდა იცოდნენ, როგორ მართონ ბავშვის რთული ქცევა, უნდა გაიარონ ამისთვის სპეციალური მომზადება, უნდა ჰქონდეთ შემუშავებული მეთოდიკა.

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი, ანა არღანაშვილი საუბრობს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვების განსაკუთრებულ საჭიროებებზე და იმაზე, რომ ბავშვები, ფაქტობრივად, ციხეში ცხოვრობენ.

“ზოგადად, ბავშვთა სახლი ხომ უკვე დარღვევაა. გაქვს ეს ბავშვთა სახლი და შიგნით ვერც სახელმწიფო შედის და ვერც ომბუდსმენი. უმეტესობას აქვს ფსიქო-სოციალური საჭიროება. ეს  აისახება რთულ ქცევაში. მაგრამ არც ფსიქოლოგის მომსახურება აქვთ. არიან შშმ ბავშვები და არცერთი მათი საჭიროება დაკმაყოფილებული არაა. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმებულია, რადგან შენობაში ვეღარავინ ვეღარ შედის. 57 ბავშვი, ფაქტორბივად, გამოკეტილი ჰყავთ. სახელმწიფო სოც.მუშაკს, ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს, თითქმის, ერთი წელია არ უშვებდნენ ტერიტორიაზე. მეტი დარღვევა უბრალოდ შეუძლებელია”, – აღნიშა არღანაშვილმა.

ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს არ გააჩნიათ სოციალური ინტეგრაციის საშუალება. ერთადერთი შემთხვევა, როცა ჭიშკრის გარეთ გადიან, არის სკოლა. სკოლაში კი აღმზრდელების თანხლებით დადიან, რომლებიც სკოლაშივე ელოდებიან გაკვეთილების დასრულებას და უკან მოჰყავთ ბავშვები.

“ჩვენმა ორგანიზაციამ მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, ახლა უკვე სააპლეაციოშია და მივმართეთ გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტს. ამაზე ზედა ინსტანცია არ არის. როცა ეს კომიტეტი სახელმწიფოს გავალდებულებს და არ ასრულებ, ნიშნავს, ამბობ, რომ ვერ ვიცავ ბავშვებს”, – განაცხადა ანა არღანაშვილმა.

არღანაშვილის განცხადებით, მათი ორგანიზაცია გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტს დამატებით მასალებსა და ფაქტებს მიაწვდის პანსიონის შესახებ, რათა მიზანს სამართლებრივი გზით მიაღწიონ.

რა პასუხი აქვს საპატრიარქოს

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა განაცხადა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ სახალხო დამცველის ეჭვია, რომელიც არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ითქვას, იქ ნამდვილად დარღვევაა. მანვე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარება.

რაც შეეხება პანსიონის ხელმძღვანელს, ეპისკოპოს სპირიდონს, მისი განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატში მყოფი ხალხი ისეთი იდეოლოგიის მიმდევრები და პროპაგანდისტები არიან, როგორიც ჰომოსექსუალიზმია. ამის შესახებ მეუფე სპირიდონმა პრორუსული და პროეკლესიური ტელეკომპანიის, ალტ ინფოს ეთერში ისაუბრა.

“იქ არავისთვისაა კარი დაკეტილი. თქვენ რომ მოხვედით, ვინმემ დაგიშალათ მოსვლა? პირიქით, მე ვთხოვე, რომ მოდით-მეთქი, ხომ გულით დაგხვდნენ? ობიექტივი იყო მოსული. იქ მოდის ზღვა ხალხი წელიწადში ორჯერ, დაწყებული მთავრობით, გამგებლები, პარლამენტარები მოდიან და ეფერებიან ბავშვებს. თუ ამ ხალხს უარს არ ვეუბნებით, ლომჯარია რა გახდა? ლომზე კი იწყება მისი გვარი, მაგრამ მართლა ლომი ხომ არ არის, ბავშვები შეჭამოს. ამის მიზეზია, რომ ეს ადამიანები არიან ისეთი იდეოლოგიის პროპაგანდისტები, მიმდევრები და აგრესიული პროპაგანდისტები, როგორიც არის ჰომოსექსუალიზმი, “ლეზბიანკობა”, სოდომია. ისინი კატეგორიულად სთხოვენ სახელმწიფოს, რომ დააკანონონ ერთსქესიანთა ქორწინება, ეს არის ერთადერთი მიზეზია”, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

რაც შეეხება ალტ ინფოს, რომელიც შესულიყო იყო ნინოწმინდის პანსიონის ციხესიმაგრეში, სიუჟეტის დასაწყისშივე ჟურნალისტმა სხვა ჟურნალისტებს ჭკუა დაარიგა და ნიშნი მოუგო სიტყვებით — “წესიერად რომ მოქცეულიყავით, შეგიშვებდნენ კიდევაც და იმასაც ნახავდით, როგორ ცხოვრობენ”.

თავად სიუჟეტი ძალადობის, დასჯის სხვადსხვა ფორმის წახალისების, დისკრიმინაციის, ისლამოფობიის 12:41 წუთია. სწორედ ამიტომ ომბუდსმენმა კომუნიკაციების კომისიას საჩივრით მიმართა, ხოლო კომისიამ ალ ინფოს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.

“გადაცემაში დადებით კონტექსტში იყო განხილული გენდერული სტერეოტიპები, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და ძალადობის მანკიერი პრაქტიკა. საგულისხმოა, რომ ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მსგავსმა რიტორიკამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საზოგადოების მხრიდან დანაშაულის სიმძიმის სათანადოდ აღქმას, მოახდინოს ძალადობის ნორმალიზება და წაახალისოს მის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

აღსანიშნავია:

რომ 2017 წლიდან პანსიონი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობები ორჯერ შეაფასა. დაწესებულებამ ვერც ერთი შემოწმებისას ვერ წარადგინა ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ. ორივე შემოწმებისას გამოვლინდა დაწესებულების მხრიდან სალიცენზიო წესების დარღვევა. დარღვევებს შორის იყო ბენეფიციარების ინფექციური დაავადებებისგან დაცვის, კვების რაციონის შემუშავების და დასვენების საკითხები, ამასთან, ოთახებში ბენეფიციართა განთავსების რაოდენობა აღემატებოდა ზღვრულ რაოდენობას.

რაც მთავარია:

სახალხო დამცველი მოუწოდებს, რომ შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან, პანსიონში არსებული განგრძობით დარღვევებს მოჰყვეს პროპორციული რეაგირება, მათ შორის, გადაიხედოს დაწესებულების სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შეწყვეტის საკითხი.

 

ავტორი: დარინა ქამადაძე

 

 

 

 

 

იტვირთბა....