ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ 26 მაისს მოქალაქეები არა აღლუმზე, არამედ რიონის ხეობის მცველების საპროტესტო აქციაზე მივიდნენ.
როგორც გოლეთიანმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობისას განაცხადა, აქციის მონაწილეების მოთხოვნები ობიექტური და სამართლიანია.
“მივიღოთ ამ ქვეყნის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობა. ჩვენ ახლა დავიძვრებით თავისუფლების მოედნისკენ და იქ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე და მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ 26 მაისს მივიდეს არა აღლუმზე, არამედ მოვიდეს ჩვენთან. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ”, – განაცხადა გოლეთიანმა.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს ქვეყნის ნათელი მომავალი სურთ და არა “ბუკლეტებზე დაწერილი”.
“ჩვენ ვერ უნდა გაგვაშაონ, ვერ უნდა გაგვამარგინალონ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ მარგინალები; ჩვენ არ ვართ შავრაზმული დაჯგუფება; იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ქვეყნის განვითარება; იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება; ჩვენ გვინდა ნათელი მომავალი ამ ქვეყნის – ის, რაც არის ნამდვილად მომავალი და არა ბუკლეტებზე დაწერილი”, – აღნიშნა გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია თბილისში მეორე დღეა მიმდინარეობს.