ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოძრაობა ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება.
როგორც გოლეთიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აქციაზე სიმბოლიკა, რომელიც არ არის სახელმწიფო, არ დაიშვება.
“რაღაც დაპირისპირება თურმე, მომხდარა გუშინაც და დღესაც ჰქონდა გარკვეულ პროვოკაციას ადგილი და მკაფიოდ გვინდა, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ ამ ნაწილში, რომ ჩვენი მოძრაობა ემიჯნება ზოგადად ყოველგვარ ძალადობას, ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ მშვიდობიანი უნდა იყოს ჩვენი პროტესტი ყველა ეტაპზე. თქვენ იცით, რომ ჩვენი სახალხო მოძრაობა აერთიანებს ყველა ადამიანს და ყველას აქვს იმის უფლება, რომ თავისი მოქალაქეობრივ ფარგლებში გამოხატოს პროტესტი აქ და ამიტომ, იმ დაპირისპირებას, რაც აქ ხდება, მკაფიოდ ვემიჯნებით. აქვე გვინდა, მკაფიოდ ვთქვათ, რომ რა არის ახლა ამ ძალადობის და დაპირისპირების გამოწვვევი მიზეზები? ეს შეიძლება გახდეს რაღაც სიმბოლიკები და ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე და გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა სიმბოლიკა იქნება – რა ჯგუფს გამოხატავს, რა პარტიას გამოხატავს და ა.შ. მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა დაიშვება ჩვენ აქციებზე და ეს იქნება სწორედ იმის პრევენცია, რომ არ მოხდეს რაღაც დაპირისპირებები. ყველამ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვაკეთოთ საქმე”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა. ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ლგბტქ+ სამკლაურის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, სალომე ბარკერს აქციაზე ყოფნა დაუშალეს და წასვლა მოსთხოვეს.