ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე რიონის ხეობის მცველების ულტიმატუმს მეტრონომთან ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ტონით საუბარი არ შეიძლება. კახაძის თქმით, ულტიმატუმის შემდეგ დაპირისპირება მოდის.
დეპუტატის თქმით, ქვეყნის წინსვლის გარანტია უსაფრთხოებაა და არა დაპირისპირება. ლადო კახაძე აქციის მონაწილეებს კეთილგონიერებისკენ მოუწოდებს.
“სიტყვა ულტიმატუმი ძალიან ცუდი სიტყვაა, ულტიმატუმის მერე მოდის დაპირისპირების სხვა ხარისხი. ყოველთვის ყველას კეთილგონიერებისკენ მოვუწოდებ. გონიერი შეიძლება იყოს, მაგრამ არ იყოს კეთილი, ეს არის ყოველთვის საინტერესო ინტერესების გამონახვა. ქვეყნის წინსვლის გარანტიაა უსაფრთხოება ყველგან, ეს იქნება უსაფრთხო ეკონომიკა, უსაფრთხო ეკოლოგია, ენერგერესურსების გამოყენება უსაფრთხო, ადამიანების უსაფრთხოება უსაფრთხო, უსაფრთხო, უსაფრთხო, უსაფრთხო…”, – აცხადებს კახაძე.
მისი თქმით, შესაძლოა, ვარლამ გოლეთიანს წამოსცდა, რომ თბილისის პარალიზებას მოახდენს.
“შეიძლება ახალგაზრდაა და წამოსცდა ეგ სიტყვა [თბილისის პარალიზება], პარალიზება რატომ? ამით სარგებელი ვის აქვს? ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დაინტერესებულია, რომ უსაფრთხო ზონაში გადავიდეთ, მთელ მსოფლიოს დაპირისპირება აქვს რუსეთთან და რატომ უნდა მოხდეს ასეთი არაადეკვატური დაპირისპირება? შეიძლება იყოს საკამათო, ზოგჯერ დასათმობი, დათმობა ეს დიდი ნიჭია. მე მივიღებდი შენიშვნას, რომ ვიღაც გამოვა და თქვას, რომ ამდენი წყალი იღვრება უაზროდ და როგორ შეიძლება, ეს არ იქნეს ჩაყენებული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და ენერგორესურსების უსაფრთხოებაში. ვის აწყობს, ჩვენ ვიყოთ ვიღაცაზე ჩამოკიდებული და იმპორტირებაზე ვიყოთ? ეს იმპორტი იქნება ჩვენთვის ლაგამი. ჩვენი ქვეყნის ცუდად ყოფნა მხოლოდ რუსეთს აწყობს. როგორ არ მინდა დავიჯერო, რომ [რიონის ხეობის მცველები რუსეთის თამაშს თამაშობენ]. იმდენად მეტკინება გული, რომ ეს მოხდეს, დიდი ტრავმა იქნება ეს ჩემთვის. თუმცაღა, სივერაგის ელემენტები არსებობს”, – აცხადებს კახაძე.
რიონის ხეობის მცველების მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა უკვე ამოიწურა. როგორც ვარლამ გოლეთუანმა აღნიშნა, თუ ხელისუფლება მათ მიერ წაყენებულ ულტიმატუმს არ შეასრულებს, ისინი იძულებული იქნებიან ჩაკეტონ თბილისი და მისი პარალიზება მოახდინონ.
რიონის ხეობის მცველების პირველი საპროტესტო აქცია თბილისში 23 მაისს გაიმართა.
მათი მოთხოვნებია:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
- დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში – აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.
გოლეთიანს დღეს, 24 მაისს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებზე ამბობს, რომ ულტიმატუმებით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი, რაც მიუღებელია.