ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი: ენკა არ არის კომპეტენტური პირი, მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა

რესპუბლიკის მოედანზე ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, რიონის ხეობის მცველმა და აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის კითხვებს, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ, პასუხს არა კომპანია ენკამ, არამედ ხელისუფლებამ უნდა გასცეს.

“სიმბოლიკა არ შეიძლება, არცერთ პარტიასთან არ ვერთიანდებით. შეგნებულად, არცერთი ცნობადი სახე ჩვენს აქციაზე არ გამოსულა და ჩვენ არ მივდივართ ამ მიმართულებით.

ჩვენ კომპანია ენკასთან სასაუბრო სივრცე არ გვაქვს. ენკა არ არის კომპეტენტური პირი და ადრესატი, აქ მთელი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, რომელიც აფორმებს ანტისახელმწიფოებრივ კონტრაქტს კერძო კომპანიასთან, რა შუაშია, კერძო კომპანიას გადავაბრალო მთელი რიგი პასუხისმგებლობა, ამ ნაწილში პასუხისმგებელია ხელისუფლება. ენკას თავისი წილი პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, გააჩნია, მაგრამ ჩვენი კითხვები მიემართება ხელისუფლებას, რომელმაც გააფორმა ეს ხელშეკრულება.

მერაბ ლომინაძე ვერ იქნება მხარე და ადრესატი ჩვენი კითხვების. როგორ უნდა გაგვცეს მერაბ ლომინაძემ იმაზე პასუხი, რატომ მოაწერა ხელი გიორგი გახარიამ ხეობის გადაცემას?!” – თქვა გოლეთიანმა.

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბური აქცია გამართეს.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის დრო ამოწურულია. მან რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერა და ხელისუფლებას მათ შესასრულებლად დრო 24 მაისის 12:00 საათამდე მისცა.

 

იტვირთბა....