ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ღარიბაშვილი შეურაცხმყოფელი ლაპარაკით გამოირჩეოდა”

ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილის განცხადებით, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ კონფრონტაციული მმართველი იყო. ამის შესახებ ხუხაშვილმა სააგენტო „მეტრონომს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილს სამოქალაქო საზოგადოებასა და პრეზიდენტის ინსტიტუტთან საკმაოდ აგდებული დამოკიდებულება ჰქონდა. სწორედ ამიტომ ექსპერტი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანას უფრო მაკონსოლიდირებელი ფიგურა სჭირდება.

„ღარიბაშვილი საკმაოდ კონფრონტაციული იყო, მან ხიდები ძალიან ბევრი მიმართულებით დაწვა. საკმაოდ აგდებული დამოკიდებულება ჰქონდა პრეზიდენტის ინსტიტუტთან.  წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას დღეს საზოგადოების გახლეჩვა კი არა, მისი კონსოლიდაცია სჭირდება. ამის რესურსი დღეს ღარიბაშვილს ამოწურული ჰქონდა იმიტომ, რომ ლაპარაკობდა ძალიან შეურაცხმყოფელი ტერმინებით. ხელისუფლებას დღეს წინასაარჩევნოდ უფრო მაკონსოლიდირებელი ფიგურები სჭირდება. ერთ-ერთი მიზეზი მისი წასვლის, ესეც შეიძლება ყოფილიყო, თუმცა არა ერთადერთი“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტი ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო შემცვლელზეც საუბრობს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია.

ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ კვირიკაშვილი პრემიერის პოსტისთვის საკმაოდ ღირსეული კანდიდატია, რადგან ის ნაკლები აგრესიულობით გამოირჩევა და  პრეზიდენტთან ჩატეხილი ხიდის აღდგენასაც მოახერხებს.

„მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე კვირიკაშვილი, ძალიან ღირსეული კანდიდატია იმიტომ, რომ ის სხვებისგან განსხვავებით ყოველთვის პოლიტკორექტული იყო და მას აქვს რესურსიც და უნარიც, რომ ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს. ის ნაკლები აგრესიულობით გამოირჩევა და შესწევს უნარი, რომ გარკვეული ჯგუფების კონსოლიდაცია მოახდინოს“ – აღნიშნა ხუხაშვილმა.

ექსპერტი ასევე ეკონომიკური გუნდის შესაძლო ცვლილებაზე საუბრობს და გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის სავარაუდო შეცვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ  მისთვის მნიშვნელოვანი არ არის ის, თუ ვინ ასრულებს ტექნიკურ დავალებებს, მთავარი სისტემური ცხვლილებებია.

„ჩემთვის, სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი სისტემური ცვლილებებია, რომ თვითონ მმართველობითი სისტემა გადაიხედოს და უფრო ეფექტური გახდეს. სახელებს და გვარებს ამ ყველაფერში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ასრულებს ტექნიკურ დავალებებს ესაა მნიშვნელოვანი და მთავარი საკითხი არ არის“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

იტვირთბა....