პარლამენტის დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის ენერგოდამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
როგორც მეტრონომს ზავრადაშვილმა უთხრა, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და სახელმწიფოს შორის დიალოგი უნდა გაგრძელდეს და აღნიშნულის შემდეგ, ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს.
“ენერგოდამოუკიდებლობა ამ ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ორივე მხარე უნდა დაჯდეს და კითხვებზე პასუხი უნდა მიიღოს. ამის შემდეგ, უნდა მიიღონ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება. ნათია თურნავა ხომ არ არის მხოლოდ ხელისუფლება? იქ არიან მთელი რიგი სპეციალისტები, რომლებიც ამ კომუნიკაციაში ჩართულები არიან… დავიღალე ამ მუქარებით – მასშტაბური აქციები და… მე არ ვარ სპეციალისტი, რომ რამე კონკრეტული დასკვნა გავაკეთო ან კვლევებზე კომპეტენტური პასუხი გაგცეთ, მე ვიცი ის, თუ რა სჭირდება ამ ქვეყანას, რომ იყოს განვითარებული… 9 წლის განმავლობაში რაც განვითარდა, ეს არის დემოკრატია. ქუჩაში გამოსვლისა და საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა ყველას აქვს… კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ენერგოდამოუკიდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და თუ ვინმე ამ პროცესს არაობიექტურად ხელს უშლის, ის ვის წისქვილზე ასხამს წყალს, თქვენც იცით და მეც ვიცი”, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბურ აქციას მართავენ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის დრო ამოწურულია. მანვე რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერა და ხელისუფლებას მათ შესასრულებლად დრო 24 მაისის 12:00 საათამდე მისცა.
პროტესტი ნამოხვანჰესის წინააღმდეგ
ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი. ნამახვანი ჰესის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, თუმცა ქვეყანაში აქედან 527 მლნ იხარჯება და აშენებს კომპანია ენკა რინიუებლზ მისი წილების 90%-ზე მეტს თურქული კომპანია ენკა ფლობს, 10%-ს კი ნორვეგიული კომპანია.
პროტესტი
2021 წლის 3 აპრილს კომპანიაში ახალდანიშნული დირექტორი მერაბ ლომინაძე ხეობაში საპოლიციო ძალის ფონზე ჩავიდა და თქვა, რომ კომპანიას უნდა გაეგრძელებინა მოსამზადებელი სამუშაოები. სწორედ ამ განცხადების შემდგომ დაიწყეს გამოსლვლები კარვებში მყოფმა პროტესტანტებმა.
11 აპრილს პოლიციამ ნამოხვანში აქტივისტებს კარვები დაუშალა, მიზეზად კი უაფრთხოება მოიყვანა. იქ მყოფი პროტესტანტები ამბობდნენ, რომ პოლიციამ კარვებში ალკოჰოლი შეიტანა. აქტივისტები ამას პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ და ალკოტესტის ჩატარებას ითხოვენ, რათა დადასტურდეს, რომ სასმელს თავად არ მოიხმარდნენ. სწორედ კარვების აღების შემდეგ პოლიციამ ნამახვანისკენ გზა ჩაკეტა
მეორე დღეს გუმათჰესთან, — რომელიც სოფელი ნამოხვანიდან დაახლოებით 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, – პროტესტანტებს აღმართული დახვდათ საპოლიციო ბლოკპოსტი, რასაც მოსახლეობა, ასევე, პროტესტით შეხვდა. 14 აპრილს პოლიციამ უკვე რკინის ბარიკადები აღმართა გუმათჰესთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ კარვების აშლის შემდეგ დილას, 12 აპრილს, — როდესაც აქციამ გუმათჰესთან გადაინაცვლა და ნამოხვანში დემონსტრანტები არ იყვნენ, — საბანაკე ადგილი კომპანიის ტრაქტორებმა გადახნეს.
საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ მათ არ ექნებათ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა სოფელ ნამახვანში, პროცესი დადაქალაქში გადაინაცვლებს.
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 14 აპრილს ქუთაისში მორიგი მასშტაბური დემონსტრაცია გამართეს, ღამე კი პროტესტის ნიშნად ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათიეს.
მოლაპარაკება მთავრობასთან
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეები და მთავრობის წარმომადგენლებს 16 აპრილს შეხვდნენ, შეხვედრა თითქმის ოთხს საათს გაგრძელდა. ეს შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, აქტივისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი და ორი გუბერნატორი — ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ხვდებიან. დიალოგში, ასევე, მონაწილეობენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები — სოზარ სუბარი, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე, დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.
ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა, ხელისუფლებას დიალოგის კონსტრუქციულ რეჟიმში გასაგრძელებლად, რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს. მას შემდეგ კი, რაც ხელისუფლებისგან სათანადო პასუხი ვერ მიიღეს, საქართველოს მასშტაბით აქციები დაანონსეს. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ყველა დიდი ქალაქის გარდა, მასშტაბური აქცია თბილისში 23 მაისს გაიმართება.