ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იწყება – რას ითხოვენ ადამიანები

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია იწყება. ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან. მათ რეგიონებიდან ჩამოსული აქტივისტებიც შეუერთდებიან.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ რესპუბლიკის მოედანზე სახელმწიფოს არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად მივიდა.

“ვეწინააღმდეგებით სახელმწიფოს მიერ ასეთ არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას. ეს უშუალოდ ნამახვანჰესის თემასაც ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის გარდა, მთელი რიგი პრობლემებია ქვეყანაში. ამის გასაპროტესტებლად ვდგავართ აქ, რომ აღარ მიიღონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები და ხალხის ხმის გამტარები იყვნენ. ვითხოვთ, ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას”, – უთხრა მეტრონომს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ნამახვანჰესის მშენებლობის კიდევ ერთი მოწინააღმდეგის თქმით, ქართული მიწა არ უნდა სხვისდებოდეს.

“ნათქვამი უნდა იყოს სწორად გაგებული. ჰესების წინააღმდეგი არავინ არ არის. ეს არ არის აქციის მიზანი, რომ საქართველოში ჰესები არ აშენდეს. მიზანი არის, რომ ხელშეკრულებები იდებოდეს სწორად და იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესი დაცული. ეს არის ძირითადი მოთხოვნა. და არ სხვისდებოდეს ქართული მიწები საუკუნეების მანძილზე”, – აცხადებს აქციის მონაწილე.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ნამახვანჰესის მშენებლობის მთლიანად შეჩერებას ითხოვს და ამბობს, რომ ჰესის აშენება ვაზის განადგურებას გამოიწვევს.

“აქ მოსული ვარ საქართველოს ვაზის დასაცავად – ყველაზე ცოტაა, რაც შეიძლება გითხრათ. მე ჰესის მშენებლობის საერთოდ შეჩერებას ვითხოვ. ბევრი ვაზი განადგურდება”, – განაცხადა აქციის მონაწილემ მეტრონომთან საუბრისას.

პროტესტი ნამოხვანჰესის წინააღმდეგ

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი. ნამახვანი ჰესის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, თუმცა ქვეყანაში აქედან 527 მლნ იხარჯება და აშენებს კომპანია ენკა რინიუებლზ მისი წილების 90%-ზე მეტს თურქული კომპანია ენკა ფლობს, 10%-ს კი ნორვეგიული კომპანია.

პროტესტი

2021 წლის 3 აპრილს კომპანიაში ახალდანიშნული დირექტორი მერაბ ლომინაძე ხეობაში საპოლიციო ძალის ფონზე ჩავიდა და თქვა, რომ კომპანიას უნდა გაეგრძელებინა მოსამზადებელი სამუშაოები. სწორედ ამ განცხადების შემდგომ დაიწყეს გამოსლვლები კარვებში მყოფმა პროტესტანტებმა.

11 აპრილს პოლიციამ ნამოხვანში აქტივისტებს კარვები დაუშალა, მიზეზად კი უაფრთხოება მოიყვანა. იქ მყოფი პროტესტანტები ამბობდნენ, რომ პოლიციამ კარვებში ალკოჰოლი შეიტანა. აქტივისტები ამას პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ და ალკოტესტის ჩატარებას ითხოვენ, რათა დადასტურდეს, რომ სასმელს თავად არ მოიხმარდნენ. სწორედ კარვების აღების შემდეგ პოლიციამ ნამახვანისკენ გზა ჩაკეტა

მეორე დღეს გუმათჰესთან, — რომელიც სოფელი ნამოხვანიდან დაახლოებით 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, – პროტესტანტებს აღმართული დახვდათ საპოლიციო ბლოკპოსტი, რასაც მოსახლეობა, ასევე, პროტესტით შეხვდა. 14 აპრილს პოლიციამ უკვე რკინის ბარიკადები აღმართა გუმათჰესთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ კარვების აშლის შემდეგ დილას, 12 აპრილს, — როდესაც აქციამ გუმათჰესთან გადაინაცვლა და ნამოხვანში დემონსტრანტები არ იყვნენ, — საბანაკე ადგილი კომპანიის ტრაქტორებმა გადახნეს.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ მათ არ ექნებათ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა სოფელ ნამახვანში, პროცესი დადაქალაქში გადაინაცვლებს.

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 14 აპრილს ქუთაისში მორიგი მასშტაბური დემონსტრაცია გამართეს, ღამე კი პროტესტის ნიშნად ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათიეს.

მოლაპარაკება მთავრობასთან

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეები და მთავრობის წარმომადგენლებს 16 აპრილს შეხვდნენ, შეხვედრა თითქმის ოთხს საათს გაგრძელდა. ეს შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, აქტივისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი და ორი გუბერნატორი — ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ხვდებიან. დიალოგში, ასევე, მონაწილეობენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები — სოზარ სუბარი, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე, დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა, ხელისუფლებას დიალოგის კონსტრუქციულ რეჟიმში გასაგრძელებლად, რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს. მას შემდეგ კი, რაც ხელისუფლებისგან სათანადო პასუხი ვერ მიიღეს, საქართველოს მასშტაბით აქციები დაანონსეს. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ყველა დიდი ქალაქის გარდა, მასშტაბური აქცია თბილისში 23 მაისს გაიმართება.

იტვირთბა....