საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
საელჩოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 14:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია მასშტაბური დემონსტრაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საელჩო აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ურჩევს, მხედველობაში მიიღონ, რომ ამ რაიონში მოსალოდნელია გზის გადაკეტვა და საგზაო მოძრაობის შეზღუდვა.
„მასობრივი შეკრებები, თუნდაც მშვიდობიანი, შესაძლოა, დაპირისპირებაში გადაიზარდოს. აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ეძლევა რეკომენდაცია, მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების ადგილის სიახლოვეს მოხვდებიან”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 მაისს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები და მათი მხარდამჭერები დედაქალაქში მასშტაბურ აქციას გეგმავენ.