ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს საელჩო იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური განცხადებით მიმართავს

საქართველოს საელჩო, იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას მეტრონომი სრულად გთავაზობთ:

“ძვირფასო მოქალაქენო, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დაიგეგმა სპეციალური აქცია. აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 2021 წლის 24 მაისიდან – 2021 წლის 07 ივნისამდე პერიოდში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, პირადობის ელექტრონული მოწმობის და/ან ბიომეტრიული პასპორტის მოთხოვნისას, ერთჯერადად გათავისუფლდებიან: პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის საფასურისგან სრულად; ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასურისგან 50%-ით.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ აქციის პირობებს.

პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (პირველადი დოკუმენტის გაცემა); ფლობს პირადობის არაელექტრონულ (ძველი ტიპის) მოწმობას (თუნდაც მოქმედს); მის სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა გაუქმებულია ან ვადა ეწურება 2021 წლის 7 ივნისამდე; ბიომეტრიულ პასპორტს, 50% შეღავათით მიიღებს საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი; ფლობს არაბიომეტრიულ პასპორტს (თუნდაც მოქმედს); მის სახელზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტი გაუქმებულია ან ვადა ეწურება 2021 წლის 7 ივნისამდე. გისურვებთ წარმატებებს”, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

იტვირთბა....