ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: მთელი ავლადიდება რომ გამოიტანოს ივანიშვილმა, ოპოზიცია შეძლებს, რომ ეს ღამის კოშმარი დასრულდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას არ სურს, ენმ-ი პარლამენტში შევიდეს.

როგორც მთავარ არხს მელიამ უთხრა, მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრების განცხადებებში პანიკისა და შფოთის ნიშნები შეინიშნება.

“ერთი მხრივ, მათ არ აინტერესებთ, შევალთ თუ არა პარლამენტში და მეორე მხრივ, იკვეთება მათი არანორმალური ინტერესი… იკვეთება მათი შფოთი, რომ არ უნდათ ნაციონალური მოძრაობა იყოს იმ ერთიან სივრცეში, სადაც მოხდება ჩვენი ცოცხალი კონტაქტი. ინტელექტით, კვალიფიკაციით, მოტივაციით, პროფესიონალიზმით – დიახ, არ მოვერიდები, ვგრძნობთ ჩვენ საკუთარი ძალების უპირატესობას მათზე… ის, რომ არ უნდათ, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, არ მიკვირს. უფრო გამიკვირდებოდა, რომ სხვაგვარი განცხადებები გაეკეთებინათ. პანიკის ნიშნები შეინიშნება მათ განცხადებებში. ნუ ნერვიულობენ, დაგველოდონ. გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ ძალიან მალე. მათაც დაედებათ პატივი და ჩადგებიან საქმის კურსში. რაც არ უნდა გააკეთონ, მთელი ავლადიდება რომ გამოიტანოს ივანიშვილმა საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან და საასახლეებიდან, ჩვენ მოვახერხებთ – მთელი ოპოზიცია და რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა და ბლოკი ძალა ერთობაშია, რომ ეს  ღამის  კოშმარი დასრულდეს”, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ქართული ოცნება დამარცხდება.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე საპატიმრო დაწესებულება დატოვა, დღის წესრიგში ენმ-ის პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი დადგა. პარტიაში არ მალავენ, რომ აღნიშნულ საკითხზე აზრთასხვადასხვაობაა. ენმ-ის წარმომადგენლების თქმით, გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ.

 

 

იტვირთბა....