საქართველოს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებზე კანონპროექტების მომზადების თაობაზე, გირჩის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამნისტიის ცნების გაფართოების მომხრეა.
სამადაშვილის თქმით, ფართომასშტაბიანი ამნისტიის განსახილველად, ქართული ოცნება მზად არ არის.
„ჩემი პოზიცია მათ შორის მოლაპარაკების პროცესში იყო ის, რომ ჩვენ, შესაძლოა, შევქმნათ რაღაც ტიპის დიალოგი, რათა ამნისტიის ცნებაც ზოგადად გაფართოვდეს და ჩვენ შევძლოთ, უფრო ბევრ საკითხზე დავხუროთ ისტორიის ფურცელი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ამასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების მზადყოფნა ვერ დავინახე, რომ ჩვენ გვემსჯელა მართლაც ფართომასშტაბიან ამნისტიაზე ქვეყანაში”, – აცხადებს სამადაშვილი.
მისი თქმით, ფართომასშტაბიანი ამნისტია პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.
“მე პირადად მიმაჩნია, რომ პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში მსგავსი დიალოგი და მსგავსი შესაძლო გადაწყვეტილებები ძალიან ეხმარება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემი პოზიციაა, რომ თუ გვინდა, დაიხუროს ბევრ საკითხზე ისტორიის ფურცელი და ჩვენ გავაჯანსაღოთ პოლიტიკური გარემო ქვეყანაში, ჩვენ შესაძლოა, განვიხილოთ ამნისტიის საკმაოდ ფართო ცნება, რომელიც შეეხება სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებს გასული 30 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – აღნიშნა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ პარტია 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, კანონპროექტებს ამზადებს.
ხვიჩიას თქმით, კანონპროექტებს ექნება ის სულისკვეთება, რაც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს აქვს.