პარტია ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებზე კანონპროექტების მომზადების საკითხზე გირჩის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ 7 ნოემბრისა და 20 ივნისის შედარება პრინციპულად მიუღებელია.
კობახიძის შეფასებით, გირჩის ინიციატივა ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამართლების მცდელობას გულისხმობს.
„7 ნოემბრის და 20 ივნისის ერთმანეთთან შედარება პრინციპულად არასწორია და ეს არის იმ დანაშაულის გამართლების მცდელობა, რაც თავის დროზე ნაცმოძრაობამ ჩაიდინა. 7 ნოემბერი, გარდა იმისა, რომ ხელისუფლების უზურპაციის გამოხატულება იყო, ეს იყო თავისუფალი მედიის მიტაციების გამოხატულება და როცა ამას 20 ივნისს ადარებ, პრინციპულად არასწორია. ერთადერთი, რითაც შეიძლება ერთმანეთს 7 ნოემბერი და 20 ივნისი შევადაროთ, ეს არის ის, რომ ორივე შემთხვევაში ნაცმოძრაობა ცდილობდა ხელისუფლების უზურპაციას, თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში – 7 ნოემბერს და შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში – 20 ივნისს. ორივე შემთხვევაში ეს იყო ნაცმოძრაობის მიერ ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა, პირველ შემთხვევაში ეს მათ მოახერხეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მეორე შემთვევაში, მათ ეს ვერ მოახერხეს. ეს არის ერთადერთი მსგავსება 7 ნოემბერსა და 20 ივნისს შორის, დანარჩენ შემთხვევაში ეს შედარება არის აბსოლუტურად მიუღებელი და სინამდვილის გამრუდების მცდელობა“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ პარტია 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, კანონპროექტებს ამზადებს.
ხვიჩიას თქმით, კანონპროექტებს ექნება ის სულისკვეთება, რაც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს აქვს.