ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანა დოლიძემ პარტია ხალხისთვის დააფუძნა

ანა დოლიძე პარტიას ხალხისთვის დააფუძნა. ყრილობა არტოს ბაღში შედგა, პარტიაში 300 ადამიანი დარეგისტრირდა. ანა დოლიძის თქმით, პარტიის მთავარი ფასეულობა ადამიანებისთვის აღდგენილი ღირსება და სოციალურ სამართლიანობაზე დამყარებული ერთობა იქნება. მისივე განცხადებით, ბევრ პროფესიონალთან ერთად, სწრაფი ნაბიჯებით შეძლებენ წინსვლას მთავარი მიზნის და ხალხის დაკვეთის შესასრულებლად.

“ვქმნით სრულიად ახალი ტიპის პარტიას – ხალხისთვის, რომელიც არის ისეთი სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, სადაც მთავარი ფასეულობაა ადამიანებისთვის აღდგენილი ღირსება და სოციალურ სამართლიანობაზე დამყარებული ერთობა, სადაც თითოეულ ადამიანს უწევს ფიქრი არა გადარჩენაზე, არამედ განვითარებაზე. ჩვენ ვირჩევთ მმართველობის ისეთ გზას, სადაც სოციალური თანასწორობა არის სახელმწიფოს მთავარი მამოძრავებელი იდეა, სადაც შიმშილი არ იქნება ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა და თითოეულ ოჯახზე ზრუნვა იქნება არა მოვალეობა, არამედ გააზრებული პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე.

ჩვენ გვჯერა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის და გვწამს, რომ შეგვიძლია ავაშენოთ კეთილდღეობის სახელმწიფო. ამიტომ ვერთიანდებით შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირები, ვინც ვიბრძოდით და დღესაც ვიბრძვით სამართლიანობისთვის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. დარწმუნებულნი ვართ, ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ჩვენ ხედვებს, სწრაფი ნაბიჯებით შევძლებთ წინ წასვლას მთავარი მიზნის და ხალხის დაკვეთის შესასრულებლად,” – აღნიშნა ანა დოლიძემ.

პარტიის დაფუძნების შესახებ განცხადება ანა დოლიძემ გუშინ გააკეთა.

იტვირთბა....