2021 წელს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნებს ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს. პარტიების უმრავლესობა თანხმდება, იმუშაოს იმაზე, რომ “რეფერენდუმში” მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ამომრჩეველთა ხმების 43% ვერ მიიღოს.
ბრძოლის რა სტრატეგიას აირჩევს ოპოზიცია და რა შეიძლება გახდეს გამარჯვების ფორმულა; მოახერხებენ თუ არა საერთო კანდიდატებზე ჩამოყალიბებას თუ ინდივიდუალურად შეეცდებიან მმართველი გუნდის დამარცხებას – აღნიშნულ საკითხებზე მეტრონომი ლელო საქართველოსთვის წევრს, პაატა ცივაძეს ესაუბრა.
მეტრონომი: ბ-ნო პაატა, აპირებს თუ არა ლელო ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის მერის პოზიციაზე პარტიის კანდიდატურის დასახელებას?
პაატა ცივაძე: ლელო ფიქრობს, რომ ადგილობრივი არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი. დღვანდელი მმართველობამიტაცებული პარტია 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ყველა პარტიამ უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებსა და თბილისის მერის პოზიციაზე პარტიის კანდიდატურას, ჯერ არჩევნები დანიშნულიც არ არის. ამიტომ, წინასწარ ვერ გაგცემთ პასუხს. ამაზე მიდის აქტიური მსჯელობა.
– იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური სპექტრი თბილისის მერის თანამდებობისთვის საერთო კანდიდატურით ბრძოლაზე შეთანხმდება, ლელოს პოზიცია რა იქნება? დაუჭერთ თუ არა მხარეს ერთ კანდიდატს?
– ლელო არ არის ის პარტია, რომელიც მარჩიელობს და არასწორ პროგნოზებს აკეთებს. ჩვენ ვმსჯელობთ ძალიან ინტენსიურად და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება გაიგებს ყველაფერს დაუყოვნებლივ.
– ოპოზიციური სპექტრი 2021 წლის არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. აქედან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ოპოზიციური ერთიანობის შენარჩუნება?
– ვინაიდან რეფერენდუმია და მმართველმა გუნდმა არ უნდა აიღოს 43%, მონაწილეობა აუცილებლად მისაღებია. პროპორციული არჩევნების პირობებში, აუცილებელი არ არის ერთობა. ჩვენ წინა არჩევნებშიც დავამტკიცეთ, რომ ლელო არის დამოუკიდებელი მოთამაშე ქართულ პოლიტიკაში – თავისი გეგმებით, პრინციპებით, საქართველოს განვითარების თავისი ხედვებით, დემოკრატიული და საქმის კეთების გზით. პარტია ყველა ფრონტზე მიიღებს მონაწილეობას.
– მიმდინარე პროცესებს რომ გადავავლოთ თვალი – მთავარი კითხვის ნიშანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს უკავშირდება. რას ფიქრობს ლელო – უნდა განაგრძოს თუ არა ოპოზიციურმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობა?
– ლელოს მიაჩნია, რომ საპარლამენტო მუშაობა უნდა გაგრძელდეს მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული და ოცნებამ მიისაკუთრა ლელოს ბევრი მანდატი გაყალბების ნიადაგზე, მაგრამ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ინტენსიური მუშაობის შედეგად მივიღეთ ეს დოკუმენტი და ხელი მოვაწერეთ. მომხრე ვართ, რომ ნაციონალური მოძრაობა შემოვიდეს პარლამენტში და ჩვენთან ერთად იმუშაოს იმ საკითხებზე, რაც ჩვენ წარავადგინეთ ინიციატივები. როდესაც საქართველოს მოქალაქეები არიან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, ეკონომიკა ჩამოქცეულია, ეს იწილო-ბიწილო უნდა დავასრულოთ. ამიტომ, ჩემი პირადი პოზიციაა და პარტიის პოზიციაც ეს არის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მანდატები, რომლებიც მათ ამ გაყალბებული არჩევნების პირობებში მიიღეს, უნდა გამოიყენონ საპარალამენტო ტრიბუნის გამოყენებით.
– ევროპულმა საქართველომ განაცხადა, რომ პარლამენტში არ შედის, თუ ნაციონალური მოძრაობაც მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს, რა პოლიტიკური პერსპექტივა რჩება პარტიას?
– ევროპულმა საქართველომ განაცხადა, რომ პარლამენტში არ შედის, მაგრამ მათი მანდატებით, ვისაც შესვლა შეუძლია პარლამენტში, ყველა შემოსულია – არმაზ ახვლედიანი, რომელიც ჩვენ ფრაქციაში გაერთიანდა; დავით ბაქრაძე, რომელიც დამოუკიდებლად შევიდა; ტარიელ ნაკაიძეს ამბობს, რომ შემოვა. ამიტომ, ის პოზიციონირება, რომ არ შევდივართ პარლამენტში, რომც უნდოდეთ შესვლა, როგორ უნდა შევიდნენ? არჩევნების შემდეგ, ყველა პარტია დაიშალა, თავმჯდომარე წავიდა, პრემიერმინისტრები წავიდნენ, პარტიის თავმჯდომარეები წავიდნენ, ზოგი პარტია გაორმაგდა, გასამმაგდა, ზოგი საერთოდ გაქრა პოლიტიკური ორბიტიდან. ერთადერთი ლელო არის ერთგული თავისი პრინციპების, ხედვების, რომ საქმითა და ინტენსიური შრომით ჩვენ შეგვიძლია, ქვეყანა გამოვიყვანოთ ღრმა კრიზისიდან და ამდენი წლის განმავლობაში, ეს ორპოლუსიანი პოლიტიკური რეალობა – პოზიციაში ერთპიროვნულად ქოცების დომინანტობა და ოპოზიციაში ნაციონალების დომინანტობა დავასრულოთ. წინასაარჩევნოდაც, ვამბობდით, რომ ორპოლუსიანი რეალობა უნდა დასრულდეს. რაც შეეხება ენმ-ის პოლიტიკურ მომავალს, ნამდვილად არ მივეკუთვნები იმ პოლიტიკოსების რიცხვს, რომელიც სხვისი დამცირებით, შეურაცხყოფით ან დაკნინების ფორმით საუბრობდეს. ნაციონალური მოძრაობა არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰყავს თავისი ამომრჩეველი. მრავალი წლის გამოცდილება აქვთ როგორც მმართველობაში ყოფნის, ასევე ოპოზიციაში. მე ერთს ვურჩევდი ნაციონალურ მოძრაობას, რომ მეტი ახალი სახე მოიწვიონ პარტიაში; ოდიოზური ფიგურებისგან გათავისუფლდნენ; უფრო დემოკრატიულები გახდნენ შიდა პარტიულ სტრუქტურებში; ახალგაზრდა ადამიანებს მისცენ მეტი გასაქანი და წარსულში არ იყვნენ ჩარჩენილები.
– ბ-ნო პაატა, თქვენ ქართული პოლიტიკის ორპოლუსიანობაზე საუბრობთ. დაახლოებით იგივე აზრს ავითარებს ხოლმე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც ამბობს, რომ მესამე მიზიდულობის ცენტრი უნდა შეიქმნას. ლელო სტრატეგია აღმაშენებლის რიტორიკას უერთდება?
– გიორგი ვაშაძე რაც ბევრ ჭკვიანურ აზრს მოისმენს და გაიზიარებს, მომხრე ვიქნები. ლელო კი არ უერთდება ვინმეს, პირიქით, ლელოს მაგალითზე თუ შემოგვიერთდება იმიტომ, რომ ხომ ხედავთ, ფაქტი ფაქტია – ლელომ პირველმა შეძლო პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქციის შექმნა. ნაციონალური მოძრაობის არჩეული თავმჯდომარე მიდის კონსულტაციებზე სხვა ქვეყნის მოქალქესთან და სხვა ქვეყანაში. მეორე მხარეს, ქართულ ოცნებას მისმა ბელადმა უარი უთხრა, ტელეფონზეც არ დამირეკოთო – თვითონ განაცხადა იმ ადამიანმა და მესიჯებით იმართებიან და თვითონაც არ იციან უკვე რა ქნან, ამ დროს ლელოს ლიდერები რას შვებიან? ლელოს ლიდერებს იწვევს ევროსაბჭოს პრეზიდენტი და ისინი ჩადიან ევროპაში და გადიან კონსულტაციებს, თუ როგორ გამოიყვანონ ქვეყანა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კრიზისიდან. ამ განსხვავებას ხედავს საზოგადოება – ნაციონალები გარბიან უკრაინაში, ოცნება მიდის ჭორვილაში, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ევროპაში დადიან. ლელოს გარდა, არავინ მიუწვევიათ იქ. ეს განსხვავება უნდა დაინახოს ჩვენმა ამომრჩეველმა.
– რა მოკლე და გრძელვადიანი გეგმები აქვს ლელოს?
– გრძელვადიანი გეგმა ჩვენი იყო, რომ მარშალის გეგმით გვემუშავა და საქართველოს რეკონსტრუქცია ჩაგვეტარებინა. ეს არის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც არის ანაკლია. ასევე, საფინანსო-რეფორმის ჩატარება და უამრავი სხვა. ჩვენ ტურბულენტურ გარემოში ვიმყოფებით და მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოკლევადიანი გეგმა პარტიის რეგიონულ დონეზე მშენებლობაა. თბილისში, მაისში დავიწყეთ რეგიონულ-პარტიული სტრუქტურების მშენებლობა. წინა კვირას, საბურთალოსა და დიდუბის რეგიონული ორგანიზაციები დაფუძნდა და ავირჩიეთ თავმჯდომარეები. თვის ბოლოსთვის თბილისი დასრულდება მთლიანად. შემდეგ უკვე ვიწყებთ რეგიონებში. ამის მიზანია, რომ ძლიერი მექანიზმი შევქმნათ და ღირსეულად წარვსდგეთ ადგილობრივ არჩევნებზე; მოვიპოვოთ მოსახლეობის მაქსიმალური ნდობა; ავიღოთ მაქსიმალური რაოდენობა ხმების; ჩვენ გვინდა, შევცვალოთ უიმედობა და საზოგადოებას დავანახოთ, რომ ლელო არის ის ძალა, რომელიც დაკომპლექტებულია წარმატებული, განათლებული ადამიანებით, რომლებსაც შეუძლიათ, ქვეყანა გამოიყვანონ ამ ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან.
– რატომ უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა ლელოს?
– ჩვენ უნდა დავამთავროთ ბელადებზე სწორება. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, თუ რა გუნდით არის დაკომპლექტებული ესა თუ ის პარტია. არც ერთ პარტიას არ აქვს იმის ფუფუნება, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და მინდა, რომ მეტი თავისი საქმის პროფესიონალი იყოს პოლიტიკაში ჩართული და არა ვიღაცის კლასელი, ჯგუფელი – როგორც ქართულმა ოცნებამ დააკომპლექტა თავისი სია კობახიძის ჯგუფელებით, მეგობრებით. ლელო არის ნამდვილად ის გუნდი, რომელიც არის დაკომპლექტებული გამოცდილი, განათლებული, სუფთა წარსულის მქონე ადამიანებით და ამიტომ უნდა მისცეს ხმა ქართველმა ამომრჩეველმა. ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს ძალიან გამჭვირვალედ, სამართლიანად; ადამიანებს მიეცეთ ნება თავისი შეხედულებების დაფიქსირების; აღარ უნდა იყოს ძალადობა, ხმების მიტაცება, გაყალბება; წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა მიდიოდეს მოსყიდვა მოსახლეობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სოციალურ დაუცველ ადამიანებზე მუქარა. ამ ვითარებაში, დარწმუნებული ვართ, რომ შეიქმნება მრავალპარტიული მმართველობა და საქართველოს რაც გადაარჩენს ამ ეტაპზე, ეს არის კოალიციური მთავრობა და წარმატებული და მცოდნე, სუფთა ადამიანების მოსვლა ხელისუფლებაში. ლელო არის საქართველოს მომავალი და ყველამ ერთად უნდა დავდოთ ლელო ქვეყნის კეთილდღეობისთვის.