საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, კახი კახიშვილი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ მას პარლამენტში ორი კომიტეტის თავმჯდომარეობა შესთავაზეს. როგორც კახიშვილმა ფორმულას განუცხადა, თანამდებობა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ყოველთვის არ არის და მისთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა ეს განცხადება პარტიის თავმჯდომარემ.
„სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, რა გასატანი იყო. ეს იყო ოთხ კაცში საუბარი, რომელიც შედგა პარტიაში. მე არ მეგონა, რომ მაინცდამაინც განხილვის საგანი უნდა გამხდარიყო. კარგია, დაადასტურეს ამით, რომ ჩემთვის საოცნებო თანამდებობა არაა. რადგან ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, ალბათ იფიქრა, რატომ მიდის, აგერ თანამდებობა შევთავაზეთო. მეორე საკითხია, რომ მხოლოდ თანამდებობა არ არის ყოველთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი”, – თქვა კახა კახიშვილმა.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “არჩევნების შემდეგ, როდესაც პარლამენტი ყალიბდებოდა, კახა კახიშვილს 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა.”
კახა კახიშვილის თქმით, ქართული ოცნებიდან წასვლის საფუძველი არ აქვს, თუმცა, როგორც მან ფორმულასთან ინტერვიუში განმარტა, ამ ეტაპზე არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებზეც მასსა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
კახა კახიშვილის მიერ ქართული ოცნებიდან წასვლის შესახებ ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან პალიტრანიუსის ეთერში პარტიიდან წამოსვლის შესაძლო გარემოებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული ოცნებიდან წასვლის შემთხვევაში სხვა პარტიაში არ წავა.