მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 23 მაისის თბილისის აქციის მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა საინფორმაციო შეტევა რიონის ხეობის მცველების მოძრაობის წინააღმდეგ.
განცხადების მიხედვით, ფეიქ-ექაუნთები ყალბ და რიონის ხეობის მცველებისთვის დამაზიანებელ ინფორმაციას მიზანმიმარტულად ავრცელებენ.
“23 მაისის თბილისის აქციის მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა საინფორმაციო შეტევა რიონის ხეობის მცველების მოძრაობის წინააღმდეგ. ეს განსაკუთრებით იგრძნობა სოციალურ ქსელებში. ორგანიზებულად შექმნილ ათობით ფეისბუქ-გვერდზე დარეკლამებულია ე.წ. ფეიქ-ნიუსები (ყალბი ინფორმაცია), რომლებიც მიზანმიმართულად ცრუ და დამაზიანებელ ინფორმაციას ავრცელებენ ჩვენს წინააღმდეგ. მეტიც, აღნიშნული გვერდები, ხშირად სპეციალურად იყენებენ ჩვენი გვერდის მსგავს დასახელებას, ან ყალბ ინფორმაციას ეროვნულ იდეებს ამოფარებული სახელწოდებებით აჟღერებენ.
აღნიშნული კამპანია ცდილობს არა მხოლოდ ჩვენი გულშემატკივრების დაბნევას, მას შეცდომაში შეყავს ის ადამიანები, ვინც ჯერ ნაკლებადაა გარკვეული ჩვენს მიზნებში. კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ გვაქვს მხოლოდ ერთი ფეისბუქ გვერდი რიონის ხეობის გადარჩენისთვის. აბსოლუტურად ვემიჯნებით ყველა საეჭვო გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას და არ ვიღებთ მათზე პასუხისმგებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რიონის ხეობის მცველები 23 მაისს თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებენ.